პსჟ €250 მილიონს ითხოვს, რეალი უარზეა
"პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუკი მისი მსურველი რეკორდულ თანხას, €250 მილიონს გადაიხდის. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ფრანგული მხარის მოთხოვნაზე "მადრიდში ბევრი იცინეს".
ფრანგ თავდამსხმელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო საგა ჩახლართულია: განსაკუთრებულ ინტერესს "რეალი" იჩენს, მბაპე ბავშვობაში "რეალს" ქომაგობდა, "პსჟ-ს" რეკორდული თანხის მიღება სურს, ამ უკანასკნელთან მბაპე კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, საქმეში არაბებიც არიან ჩართულები...
იმ შემთხვევაში, თუკი მბაპე "პსჟ-ში" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მომდევნო წელს იგი თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეეძლება. პარიზული კლუბის სურვილია, 24 წლის თავდამსხმელთან ერთ ან ორწლიანი კონტრაქტზე მოაწეროს ხელი, სადაც მის გამოსასყიდ თანხად €250 მილიონი იქნება მითითებული.
ესპანური El Debate-ს თანახმად, "მადრიდში ბევრი იცინეს", როდესაც €250 მილიონის შესახებ შეიტყვეს. მაქსიმუმი თანხა, რის გადახდაზეც "რეალში" ყაბულს არიან, €175 მილიონია (ბონუსების ჩათვლით).
მბაპე "პსჟ-ში" 2018 წლის შემდეგ თამაშობს: მის სანაცვლოდ, პარიზულმა კლუბმა "მონაკოს" €180 მილიონი გადაუხადა. მას შემდეგ, "პსჟ-ს" მაისურით ჩატარებულ 261 შეხვედრაში, კილიანმა 213 გოლსა და 98 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.