Belive

"პრობლემა მწვრთნელში არ არის" - ალესანდრო დელ პიერო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ლაციომ იუვენტუსი 1:0 დაამარცხა. ტურინულ გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, მათ ყველა ტურნირის ეგიდით ბოლო 8 მატჩში 5 ფრე და 3 მარცხი აქვთ.

იტალიურ წყაროებში ბოლო დროს ხშირად იწერება იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის, იგორ ტუდორის გათავისუფლების შესახებ, სწორედ აღნიშნულ საკითხზე Sky Sports-თან ისაუბრა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ.

პრობლემა მწვრთნელში არ არის, საქმე უფრო რთულადაა და ეს მთლიანად შემადგენლობას ეხება. გუნდი ლაციოსთან წაგებას არ იმსახურებდა, ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. იუვენტუსი რეალ მადრიდის წინააღმდეგაც არ გამოიყურებოდა ცუდად, პრობლემა კომოსთან ჩატარებულ შეხვედრაში ყველაზე კარგად გამოჩნდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც სხვა მწვრთნელით, ეს გუნდი სკუდეტოს მაინც ვერ მოიგებდა. მწვრთნელს ჯერ ძირითადი თერთმეტეული არ ჰყავს, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ ტუდორს არ სურს მისი პოვნა, არამედ იმიტომ, რომ რამდენიმე მოთამაშის გარდა, სხვებს სტაბილურად და თანმიმდევრულად თამაში უჭირთ. თუ იტალიისა და ევროპის საუკეთესო გუნდებს დააკვირდებით, მათ მეტ-ნაკლებად ჰყავთ რეგულარული თერთმეტეული, რომლებიც თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებენ. - ალესანდრო დელ პიერო

იუვენტუსი სერია A-ს ცხრილში 12 ქულით მე-8 ადგილზეა (3 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი), ჩემპიონთა ლიგაზე კი ტურინული გუნდი მოგების გარეშეა და 2 ქულით (2 ფრე, 1 მარცხი) 25-ე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები