პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო კარიერაში - ბუსკეტსი ბარსელონაში დაბრუნდა
ბარსელონას ლეგენდარული ნახევარმცველი - სერხიო ბუსკეტსი მშობლიურ კლუბში ახალი ამპლუით ბრუნდება. 38 წლის ესპანელი ბარსელონა ატლეტიკის (ბარსელონა B) სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და მთავარი მწვრთნელის, ჟულიანო ბელეტის ასისტენტი გახდა.
ბუსკეტსი ამჟამად სამწვრთნელო ლიცენზიის კურსებს გადის და საკუთარ უმდიდრეს გამოცდილებას „ლა მასიას“ ახალგაზრდა ტალანტებს გაუზიარებს.
Sergio Busquets s’incorpora al Barça Atlètic com a tècnic assistent
— Barça Atlètic (@FCBarcelonaB) August 17, 2026
La llegenda blaugrana torna al Club i s’integra en l’equip de treball de Juliano Belletti mentre realitza el curs d’entrenador
🔗 👉🏼 https://t.co/viYfmGhp6h
💙❤️ pic.twitter.com/0m8BqhO1Ks
ესპანელი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში პირველი გუნდიდან წასვლიდან სამი წლის შემდეგ დაბრუნდა. ბარსელონაში გატარებული 15 ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, ბუსკეტსმა კარიერის ბოლო 2,5 წელი ამერიკულ ინტერ მაიამიში გაატარა, რის შემდეგაც პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
ბარსელონას მაისურით ჩატარებული 722 მატჩით ბუსკეტსი კლუბის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კატალონიურ გრანდთან ერთად მან 32 ტიტული მოიგო, მათ შორის 9 ლა ლიგა, 7 ესპანეთის თასი და 3 ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იგი 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
ბუსკეტსისთვის ეს სრულიად ახალი ეტაპია იმ კლუბში, სადაც გაიზარდა. „ლა მასიას“ აღზრდილი ლეგენდა. თითქმის 20-წლიან უმაღლესი დონის გამოცდილებას ახლა უკვე „ბარსელონა ატლეტიკის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას მოახმარს.