ოფიციალურად | ხულიან ალვარესი ლა ლიგის სტარტს გამოტოვებს
მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი - ხულიან ალვარესი ლა ლიგის სადებიუტო ტურის მატჩს გამოტოვებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არგენტინელი ფორვარდი ჯერჯერობით სათანადო კონდიციებში არ იმყოფება.
„მიგვაჩნია, რომ ხულიანი ჯერ კიდევ არ არის მზად ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. იმედი მაქვს, უახლოეს ოთხ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და სასურველ ფორმას დაუბრუნდება. ჩვენი ამოცანაა, ვიზრუნოთ მოთამაშეზე და დაველოდოთ, როდის შეძლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას“. - დიეგო სიმეონე
არგენტინელი ვარსკვლავის ირგვლივ სატრანსფერო საგა არ ცხრება - ბარსელონა თავდასხმის ხაზის გასაძლიერებლად ალვარესის ტრანსფერზე აქტიურად ნადირობს. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელიც უკმაყოფილოა ატლეტიკოში შექმნილი სიტუაციით და მადრიდულ კლუბში დაბრუნებით ბედნიერი არ არის. მიუხედავად კატალონიელთა ინტერესისა და მოთამაშის განწყობისა, ატლეტიკოს ხელმძღვანელობა ტრანსფერს კატეგორიულად ბლოკავს და 26 წლის თავდამსხმელის გაყიდვას კონკურენტისთვის არ აპირებს.
ალვარესის მომავალთან დაკავშირებით სიმეონემ კლუბის მფლობელის პოზიციას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ საკითხი დახურულია.
"თუ კლუბის მფლობელმა საკუთარი პოზიცია ასე მკაფიოდ დააფიქსირა, მე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი. ეს სასამართლოს ჰგავს - ეჭვის საფუძველი აღარ არსებობს. ჩვენი მხრიდან ყურადღება მხოლოდ სპორტულ მხარეზე უნდა გადავიტანოთ“. - დიეგო სიმეონე
მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩს 19 აგვისტოს, ლა ლიგაში ახლად დაწინაურებული მალაგას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.