Belive

ნეიმარმა პრინციპული გადაწყვეტილების გამო დერბი გამოტოვა

10 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დიდი ხნის განმავლობაში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციის გამო, ნეიმარმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა. ბრაზილიელი ვარსკვლავი ხელოვნურ საფარზე თამაშის კატეგორიული მოწინააღმდეგეა და ამ თემაზე საკუთარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა.

„სანტოსისა“ და „პალმეირასის“ შორის გამართულ „Clássico da Saudade“-ის დერბიში ნეიმარი განაცხადში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე 90 წუთი სრულად ითამაშა. ბრაზილიელმა ფორვარდმა უარი თქვა Allianz Parque-ზე გამოსვლაზე, სადაც მატჩები სინთეტიკურ საფარზე ტარდება.

შეხვედრა 1-1 დასრულდა, თუმცა მთავარი თემა სწორედ ნეიმარის არყოფნა იყო. მიღებული გადაწყვეტილება ნეიმარს ერთი მხრივ დასვენების საშუალებას აძლევდა და მეორე მხრივ, იცავდა იმ საფარისგან, რომელსაც იგი წლების განმავლობაში აბსურდულსა და საშიშს უწოდებდა. 

ნეიმარი ბრაზილიაში ხელოვნური საფარის წინააღმდეგ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა.

„Allianz Parque“-ზე თამაში ჩემთვის პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელოვნურ ბალახზე თამაში ყველაზე მეტად მაწუხებს, განსაკუთრებით იმ ტრავმების ფონზე, რაც კარიერის განმავლობაში მქონდა. ბრაზილიური ფეხბურთის მიმართულება შემაშფოთებელია. აბსურდია, რომ ჩვენ ასეთ საფარზე გვიწევს თამაში. ჩვენი ფეხბურთის ისტორიისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს საერთოდ არ უნდა იყოს ვარიანტი“ - ნეიმარი

ბრაზილიის ნაკრების მაისურით ნეიმარმა ბოლოს 2023 წელს ითამაშა. მისი დაბრუნების საკითხი ქვეყანაში თითქმის ეროვნულ დებატად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, კარლო ანჩელოტი ჯერჯერობით ფრთხილად აფასებს მის სანაკრებო პერსპექტივებს.

34 წლის ფეხბურთელმა TyC Sports-თან საუბარში საკუთარი მთავარი მიზანიც ღიად დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ყველა ბრაზილიელი ფეხბურთელი მუნდიალზე თამაშზე ფიქრობს. მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა მომეცემა“ - ნეიმარი

ნეიმარი ახლა ფორმის აღდგენასა და ეროვნული გუნდში დაბრუნებისთვის იბრძვის, თუმცა ერთი რამ უცვლელია — ხელოვნური საფარი მისთვის კვლავ მკაფიო წითელ ხაზად რჩება.