ნეიმარი: "რატომ ვიტირე 6:0-ის შემდეგ? - ასეთი რამ არასდროს განმიცდია"
ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში ნეიმარის ცრემლები ისევ ვიხილეთ. ამჯერად ეს 'დამამცირებელი' მარცხით იყო განპირობებული.
სანტოსმა საკუთარ მოედანზე ვასკო და გამას უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. ეს იყო ვასკო და გამას ყველაზე დიდი გამარჯვება სანტოსთან - ბოლო 98 წლის განმავლობაში. ამავდროულად, ბრაზილიის სერია A-ს ისტორიაში, სანტოსს ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით არასდროს წაუგია (აქამდე მაქსიმუმ 4 ბურთით).
სტუმართა მხრიდან დუბლი ფილიპე კოუტინიომ შეასრულა, ერთ დროს, კოუტინიო ბარსელონაში სწორედ ნეიმარის პირდაპირ შემცვლელად მიიყვანეს. მატჩის შემდეგ, სანტოსმა მთავარი მწვრთნელი, კლებერ შავიერი დაითხოვა, ნეიმარმა კი მარცხის და მისი ცრემლების შესახებ ისაუბრა.
"ეს სირცხვილი იყო, მრცხვენია, ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს განმიცდია და ასე არასოდეს დავმარცხებულვარ.
ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც ხშირად საჭმელზე უარს ამბობენ და ამ თანხას ბილეთში იხდიან, მე მერიდება მათი და განადგურებული ვარ..." - ნეიმარი
განვლილი 19 ტურის შემდეგ, 21 ქულით სანტოსი ბრაზილიის ჩემპიონატში მე-15 პოზიციაზე იმყოფება.
სანტოსი შემდეგ მატჩს 24 აგვისტოს, მე-4 ადგილზე მყოფ ბაჰიასთან გამართავს.