ნაპოლის ფანები: 'შენ მოიგე, ჩვენც მოვიგეთ... დროა წყენა დავივიწყოთ'
'ხვიჩა ერთ-ერთი ჩვენგანია' - ამ სათაურით areanapoli-ზე სტატია გამოქვეყნდა, რომელიც კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხმაურება. გთავაზობთ სტატიასა და ამ სტატიის ქვეშ, ნეაპოლელების გამოთქმულ მოსაზრებებს - სტილის დაცვით.
ხვიჩა კვარაცხელიამ 4 თასი მოიგო: სკუდეტოს ტიტული ნაპოლისთან ერთად, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ნეაპოლიტანელმა გულშემატკივრებმა, თავდაპირველად ფეხბურთელის პსჟ-ში გადასვლაზე უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ვინგერს „ღალატი“ აპატიეს. ინტერთან მატჩამდეც კი, ბევრმა ნეაპოლიტანელმა გულშემატკივარმა მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ფეხბურთელს.
ჩვენი ქალაქის მოსახლეობა ძალიან ახლოს არის ხვიჩა კვარაცხელიასთან და მას როგორც ინტერთან მატჩამდე, ასევე მის შემდეგაც ამხნევებდნენ. „ხვიჩა ერთ-ერთი ჩვენგანია“ - ეს იყო გულშემატკივრების ყველაზე ხშირად გამეორებადი გზავნილი და ხვიჩა ამას ნამდვილად აფასებს. მისი გარემოცვა ყოველთვის აღნიშნავს იმ დიდ სიყვარულს, რომელსაც კვარაცხელია დღემდე გრძნობს თავისი ყოფილი გუნდის მიმართ. ფეხბურთელი ბედნიერია, რომ ნაპოლის გულშემატკივრების გულებში დარჩა.
ყველაფერი დასრულდა - შენ მოიგე, ჩვენც მოვიგეთ... ახლა შეგვიძლია შევინარჩუნოთ ერთად გატარებული ლამაზი დროის გემო ისე, რომ წყენა არ გავიხსენოთ. წარმატებებს გისურვებ, ძმაო კვარა, წარმატებებს გისურვებ, ძმაო ფაბიან... და წარმატებებს გისურვებ შენც, ჯიჯიო, შენც ძმა ხარ.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა მისი საქციელის გამო, ერთ-ერთი ჩვენგანი ვერასდროს იქნება.
ხვიჩა რომ გამოვრიცხოთ, ინტერი იტალიაში ერთადერთი კლუბი რომ ყოფილიყო, მხარს მაინც არ დავუჭერდი - ამპარტავნები და თავხედები არიან. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამ ტიტულს მოიგებდნენ და ყველამ ვნახეთ რა მოიგეს (სხვა სამიდან).
არ გინდათ სენტიმენტები, ქართველმა დეზერტირმა სეზონის შუაში დაგვტოვა, კლუბს 17-ე მუხლის გამოყენების ემუქრებოდა და ჩემპიონატის წაგების რისკის ქვეშ დაგვაყენა. სამწუხაროდ, მისი ორგულობა დაჯილდოვდა, როგორც ეს ცხოვრებაში ხშირად ხდება, მაგრამ ის ყოველთვის უმადური იქნება.
ჩემი დიდი გმირი ხარ, შენ გგულშემატკივრობდი და ფინალში გაიტანე კიდეც - სამუდამოდ წარმატებებს გისურვებ.
შესაძლოა ეს დამთხვევაა, მაგრამ პსჟ-მ მისი მოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე, შედეგების მიღება დაიწყო... სანამ პარიზში ფეხს დადგამდა, ლიგის ფაზის ეტაპიდან გავარდნის ზღვარზე იყვნენ.
გამოდის, რომ ნაპოლიმ იანვარში კვარაცხელია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიჰყიდა, ჩვენ კი იტალიაში სკუდეტოს მოგებაში ისე ვიყავით დარწმუნებული, რომ ვუთხარით - წადი, არ ინერვიულო, მაინც გავაკეთებთ ამას.
ერთ-ერთი ჩვენგანი ნამდვილად არ არის, უბრალოდ პროფესიონალია, რომელიც საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს. - ვკითხულობთ სტატიის კომენტარებში
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ ნაპოლი იანვარში დატოვა. ახლა ქართველი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში 4 მთავარი ტიტულის მოპოვება შეძლო, ეს მანამდე ოდრიოზოლამ გააკეთა, როცა 2019/20 წლების სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რეალიდან ბაიერნში გადავიდა.