მუნდიალზე ეროვნული ნაკრებების მაისურებიდან 18, შესაძლოა, გამოუყენებელი დარჩეს
მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოშვებული ეროვნული ნაკრებების მაისურებიდან, შესაძლოა, 18-მდე ფორმა საერთოდ გამოუყენებელი დარჩეს. ეს განპირობებულია ფიფა-ს გადაწყვეტილებით თუ რომელი ეკიპირებით ითამაშებენ გუნდები ჯგუფურ ეტაპზე. 48 ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ სულ 108 ფორმაა გამოშვებული (მეკარეების ეკიპირების გამოკლებით), თუმცა ერთხელ მაინც მხოლოდ 87 ფორმის გამოყენებაა გარანტირებული.
ტრადიციულად თითოეულ ქვეყანას მინიმუმ ორი ძირითადი კომპლექტი აქვს (საშინაო, საგარეო). გარდა ამისა, 12-მა ქვეყანამ გამოუშვა მესამე მაისურიც, რომელიც პირველი ორისგან განსხვავებული ფერისაა.
თუკი პლეი-ოფში გასვლას შეძლებენ, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ გუნდებმა დარჩენილი მაისურები ტურნირის მომდევნო ეტაპებზე გამოიყენონ.
ამ დროისთვის შეურჩეველი მაისურების უმეტესობა გასვლითი ან მესამე კომპლექტებია. თუმცა, საინტერესოა, რომ განა და უზბეკეთი ჯგუფური ეტაპის არცერთ მატჩში არ ჩაიცვამენ თავიანთ საშინაო ფორმებს.
ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კურასაო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ირანი, კოტ-დ’ივუარი, იაპონია, ნიდერლანდები, პორტუგალია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა თავიანთ სამივე მატჩში საშინაო ფორმებით ითამაშებენ. ეკვადორი, ჰაიტი, ერაყი და იორდანია კი ჯგუფურ ეტაპზე მესამე მაისურების გარეშე იასპარეზებენ.
ზოგიერთი ქვეყანა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მაისურს მოირგებს, მათ შორისაა კანადა, კაბო-ვერდე, მექსიკა და პანამა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ, 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.