Belive

მცირე ტრავმა და ისტორიული რეკორდი - პულისიჩის გამორჩეული სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრისტიან პულისიჩმა დაადასტურა, რომ პარაგვაის წინააღმდეგ გამართული მატჩის შესვენებაზე შეცვლა ტრავმის პრევენციული ზომა იყო. ვინგერმა განმარტა, რომ პირველ ტაიმში მეტოქის უხეშობის გამო მარცხენა ფეხის დაუზიანდა, რის გამოც პოჩეტინომ აღარ გარისკა. აშშ იმ მომენტისთვის პარაგვაის უკვე 3:0-ს ამარცხებდა, შესაბამისად გუნდის მთავარი ვარსკვლავის მოედანზე დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა.

„ცოტა ძლიერი დარტყმა მივიღე. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. დღეს უბრალოდ სიფრთხილე გამოვიჩინეთ და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“

- კრისტიან პულისიჩი

პულისიჩის არყოფნის მიუხედავად, პოჩეტინოს გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და პარაგვაი 4:1 დაამარცხა. ბალოგუნმა დუბლი შეასრულა, ხოლო რეინამ შეხვედრის მიწურულს შესანიშნავი გოლი გაიტანა.მოედნის დატოვებამდე პულისიჩი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო. პირველივე წუთებიდან ის დიდ საფრთხეს უქმნიდა პარაგვაის დაცვას და სწორედ მისი შესანიშნავი ინდივიდუალური მოქმედების შემდეგ გაიხსნა ანგარიში.

ეს გამარჯვება ისტორიული გამოდგა, რადგან ამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში პირველად გაიტანეს ოთხი გოლი.

პულისიჩის მიერ პირველ გოლზე შესრულებული საგოლე გადაცემა ისტორიული აღმოჩნდა. ამ ასისტით აშშ-ის ნაკრების ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამერიკელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა - მის ანგარიშზე უკვე სამი საგოლე გადაცემაა, რაც ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.

შესანიშნავი თამაში ჰქონდა ბალოგუნსაც, მონაკოს ფორვარდი გახდა პირველი ამერიკელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში დუბლი შეასრულა 1930 წლის შემდეგ.

ამრიგად, პარაგვაისთან 4:1 მოგება მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება არ ყოფილა - შეხვედრა აშშ-ის ნაკრებისთვის რამდენიმე ისტორიული მიღწევის მომტანი გამოდგა. პულისიჩმა ასისტების რეკორდი დაამყარა, ბალოგუნმა კი თითქმის საუკუნოვანი ლოდინი დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში ორი გოლის გამტანი პირველი ამერიკელი გახდა ბოლო 96 წლის განმავლობაში.

სხვა სტატიები