,,მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და კლუბის წინააღმდეგ'' - ს.კ. ორბი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა, ვახო ბედოშვილმა, ნიჟნი ნოვგოროდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ტრანსფერს საფეხბურთო კლუბი ორბი გამოეხმაურა. სწორედ ორბის საკუთრება იყო ბედოშვილი, რომელიც იჯარით გარეჯში თამაშობდა.
როგორც ქართული გუნდის განცხადებაში წერია, ბედოშვილმა და ნიჟნი ნოვგოროდმა ფიფას რეგულაციები დაარღვიეს:
,,გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენი კლუბის პოზიცია:
ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან, ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ, როგორც სატრანსფერო, ასევე, შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. ორბთან და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - პარი ნიჟნი ნოვგოროდში.
როგორც ფეხბურთელის, ასევე, პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევს ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ.'' - წერია ორბის განცხადებაში