Belive

მისია ძალიან ნათელია. ინგლისს მსოფლიო ჩემპიონობა სურს

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრები, ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით, ფლორიდაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მოსამზადებელ პერიოდს გაივლის. „სამი ლომის“ კაპიტანი, ჰარი კეინი სრულიად იზიარებს მთავარი მწვრთნელის ხედვას და მიიჩნევს, რომ ინგლისი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდს, ჯერჯერობით, ლონდონის არსენალის ოთხი ფეხბურთელი, დეკლან რაისი, ბუკაიო საკა, ნონი მადუეკე და ებერეჩი ეზე აკლიათ, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, მცირე დრო მიეცათ. კატალონიიდან კი, ნაკრებს უკვე შეუერთდა ბარსელონას თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი.

კეინი სრულიად ემხრობა ტომას ტუხელის ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც, წარმატების მთავარი ფაქტორი, არა ლიდერებსა და ინდივიდუალისტებზე დამყარებული იმედები, არამედ გუნდური თამაშია. ჰარიმ აღნიშნა, რომ ახლა, მხოლოდ და მხოლოდ, ისტორიული ტიტულის მოგებაზე ფიქრობს. ინგლისელთათვის, ზედიზედ ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, ჩემპიონობისადმი ლტოლვა განსაკუთრებით ძლიერია. კეინმა ნაკრების ყოფილ მწვრთნელზე, გარეთ საუდგეიტზეც ისაუბრა.

„საწყის ეტაპზე, გარეთთან ერთად, გუნდური თამაშის მნიშვნელობაზე ბევრს ვსაუბრობდით. ვფიქრობ, წლიდან წლამდე, ეს კავშირი ძლიერდებოდა. ახლა კი მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავამტკიცოთ და ჩემპიონები გავხდეთ.“ - ჰარი კეინი

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა გერმანელმა სპეციალისტმაც.

„მისია, რის გამოც ჩვენ აქ ვართ, ძალიან ნათელია. გვინდა, მსოფლიო მოვიგოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ხმამაღლა და პირდაპირ ვილაპარაკოთ. ამ მისიის მიზანი ნათელია - მეორე ვარსკვლავი ჩვენ მაისურზე.“ - ტომას ტუხელი

ტუხელმა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, საკმაოდ უცნაური და ბევრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილებები მიიღო. მან ინგლისის ნაკრების ბევრი გამორჩეული მოთამაშე მუნდიალს მიღმა დატოვა. ფილ ფოდენი, კოულ პალმერი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ჰარი მაგუაიერი, ლუკ შოუ. ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გერმანელმა სპეციალისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰარი მაგუაიერმაც დააფიქსირა თავისი პოზიცია.

„ვფიქრობდი, რომ ამ ზაფხულს, ჩემი ნაკრებისთვის, მნიშვნელოვან როლს შევასრულებდი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით შოკირებული და გულდაწყვეტილი ვარ“. - ჰარი მაგუაიერი

ინგლისი, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ახალი ზელანდიისა და კოსტა რიკის წინააღმდეგ, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ამ შეხვედრებში, ტომას ტუხელი კიდევ ერთხელ მოსინჯავს თავისი გუნდის ძალებს ძირითადი შემადგენლობის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე.

ინგლისი 2026 წლის მუნდიალზე L ჯგუფში მოხვდა, სადაც ხორვატიის, განისა და პანამის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები