Belive

მესისა და რონალდუს გვერდით უთამაშია, თუმცა ტევესმა საუკეთესოდ სხვა თანაგუნდელი დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარლოს ტევესი იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისაა, ვისაც მესისთან ერთადაც უთამაშია და კრიშტიანუ რონალდუსთანაც. როდესაც საქმე რჩეულთა შორის საუკეთესოს დასახელებაზე მიდგა, არგენტინელმა თავდამსხმელმა სრულიად მოულოდნელი არჩევანი გააკეთა.

საფეხბურთო კარიერა ტევესმა 2001 წელს, „ბოკა ხუნიორსში“ დაიწყო. შემდეგ იყო „კორინთიანსი“, „ვესტ ჰემი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, ტურინის „იუვენტუსი“, შანხაი და საბოლოოდ, „ბოკაში“ დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან თამაშის პრივილეგია ჰქონდა, რიო ფერდინანდთან საუბრისას ტევესმა კატეგორიული განცხადება გააკეთა: მისთვის საუკეთესო პოლ სქოულზია.

„სქოულზი ჩემთვის საუკეთესოა. გახსოვს, ვარჯიშებზე როგორი იყო? არასდროს ლაპარაკობდა. პირველივე ბურთიდან საქმეს იწყებდა, მთელი ვარჯიშის განმავლობაში მხოლოდ პასებს აკეთებდა, ისევ და ისევ“ - კარლოს ტევესი

სქოულზის მიმართ უდიდესი პატივისცემა ტევესის სიმბოლურ ხუთკაცა გუნდშიც აისახა, სადაც ის ანდრეა პირლოსთან, კრიშტიანუ რონალდუსთან, ლიონელ მესისა და უეინ რუნისთან ერთად შეიყვანა.

ყველა დროის ერთ-ერთ მთავარ საფეხბურთო დებატს ტევესმაც უპასუხა და არჩევანი თანამემამულის სასარგებლოდ გააკეთა:

„მესი ბუნებრივად თამაშობს, ეს ყველაფერი მისთვის ორგანულია. კრიშტიანუსგან განსხვავებით, რომელსაც თითოეული დრიბლინგი და მოძრაობა გამუდმებით ვარჯიშით ჰქონდა დამუშავებული, მესისთვის მსგავსი ძალისხმევა არასდროს შემიმჩნევია“ - კარლოს ტევესი

არგენტინელის თქმით, მესის განსაკუთრებული ძალა არა მხოლოდ ტექნიკაში, არამედ მის მენტალობაში იყო.

„შეეძლო, სრულიად მშვიდად ეთქვა: „2:0-ს მოვიგებთ“, შემდეგ კი მართლაც ამ ანგარიშით მოგვეგო და ორივე გოლი მას გაეტანა. ზოგჯერ ხედავდი, რომ თამაშის ხასიათზე არ იყო და მოედანზე დიდად არაფერს აკეთებდა, მაგრამ თუ გეტყოდა, დღეს 3:0-ს მოვიგებთო, სამივე გოლს თავად იტანდა. მარტივად“ - კარლოს ტევესი
„კრიშტიანუს შემთხვევაში ვიცით, რომ ყველაფრისთვის ბრძოლა უწევდა. ის ულევად შრომობდა და შეეძლო მატჩში სამი გოლი გაეტანა, მაგრამ მესის მსგავსად, წინასწარ ასეთივე აუღელვებელი წინასწარმეტყველებით ვერ გეტყოდა, რომ ამას იზამდა“ - კარლოს ტევესი

სხვა სტატიები