Belive

მესი კამპ ნოუს ბარსელონასთან შეთანხმების გარეშე ეწვია

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესის კამპ ნოუზე სტუმრობას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც Mundo Deportivo წერს, მთავარი კითხვაა, როგორ მოახერხა არგენტინელმა სტადიონზე შესვლა ისე, რომ ეს ყველაფერი ბარსელონას წარმომადგენლებისთვის შეუმჩნეველი დარჩა.

ლეოსთან დაახლოებული პირების თქმით, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა განახლებული კამპ ნოუ ისე მოინახულა, რომ კატალონიური კლუბის არცერთ თანამშრომელს არ დაკავშირებია. მესიმ სპონტანური გადაწყვეტილება ალიკანტეში გამგზავრებამდე მიიღო, სადაც არგენტინის ეროვნული ნაკრები ანგოლასთან ამხანაგურ მატჩამდე რამდენიმე დღეს გაატარებს.

ოფიციალური ვერსიით, რომელიც ბარსელონამ მედიას ლეოს პოსტიდან თითქმის 2 საათის შემდეგ შესთავაზა, მესიმ სტადიონზე შესვლის ნებართვა Limak-ის (სამშენებლო კომპანია) დაცვის თანამშრომლებს სთხოვა. ამის შემდეგ კომპანიამ ინფორმაცია ბარსელონას გადაუგზავნა, კლუბმა კი ნებართვა გასცა. თუმცა, არგენტინელის გარემოცვა ამ ვერსიას უარყოფს.

,,გუშინ ღამით დავბრუნდი იმ ადგილას, რომელიც მთელი არსებით მენატრება! ადგილას, სადაც თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად 1000-ჯერ მაგრძნობინეს.

იმედი მაქვს, რომ აქ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები.'' - დაწერა მესიმ სოციალურ ქსელში

მესი ბარსელონაში 2004-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და პარი სენ ჟერმენში გადავიდა.

სხვა სტატიები