Belive

მეხუთე ხორვატი კლუბის ისტორიაში | ლივაკოვიჩი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

კატალონიურმა გრანდმა სტამბოლის ფენერბახჩესთან ხორვატი მეკარის - დომინიკ ლივაკოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა. გარიგების მიხედვით, ბარსელონა თურქულ კლუბს საწყის ეტაპზე 2 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.

კატალონიელთა გეგმის მიხედვით, ლივაკოვიჩი გუნდს 2027 წლის ივნისში, ვოიცეხ შჩესნის წასვლის შემდეგ შეუერთდება და სათადარიგო მეკარის როლს მოირგებს, მანამდე კი, მიმდინარე სეზონს იჯარის წესით სხვა კლუბში გაატარებს.

31 წლის ხორვატმა გოლკიპერმა კარიერა სამშობლოში, ზადარსა და ზაგრებში დაიწყო, საყოველთაო აღიარება კი ზაგრების დინამოში თამაშისას მოიპოვა, სადაც 7 სეზონის განმავლობაში გუნდის შეუცვლელი ლიდერი იყო. 2023 წელს ის თურქულ ფენერბახჩეს შეუერთდა, სადაც ასევე მაღალი დონის ფეხბურთით გამოიჩინა თავი.

ლივაკოვიჩი განსაკუთრებით ცნობილი ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში დაჯერებული და საიმედო თამაშით გახდა. ქვეყნის მთავარ გუნდში ის ყოველთვის უმაღლეს დონეზე ასპარეზობს - განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ხორვატთა ბრინჯაოს მედლების მოპოვებაში, მათ შორის პენალტების სერიებში, გადამწყვეტი როლი ითამაშა და ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ დასახელდა.

გორონ ვუჩევიჩი, რობერტ პროსინეჩკი, ივან რაკიტიჩი, ალენ ჰალილოვიჩი - დომინიკ ლივაკოვიჩი გახდება მეხუთე ხორვატი ფეხბურთელი, რომელიც „ბარსელონას“ მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები