მძიმე ფინანსური მდგომარეობა - ბარსელონას 10 კლუბის ვალი აქვს
ბარსელონა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია საშუალებები ავრცელებენ. წყაროს მტკიცებით, ბლაუგრანას ჯამში 10 საფეხბურთო კლუბის დავალიანება აქვს და ბაიერნსა და ლიდსს ლევანდოვსკისა და რაფინიას სატრანსფერო თანხის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
2024/25 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დადგინდა, რომ მთლიანობაში ბარსელონას დავალიანება 159 მილიონ ევროს შეადგენს და მინიმუმ 140 მილიონი 1 წლის ვადაში უნდა დაიფაროს. გადასახდელია ისეთი ვარსკვლავების სატრანსფერო თანხები, როგორიცაა: რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ფერან ტორესი.
ვისი ვალი აქვს ბარსელონას?
თანხის დიდი ნაწილი (41.9 მილიონი ევრო) ლიდსს ეკუთვნის, რომელმაც 2022 წელს რაფინია ბარსელონას მიჰყიდა. მიუმხენის ბაიერნი 20 მილიონი ევროს მოლოდინშია, ხოლო სევილია ჟულს კუნდეს ტრანსფერისთვის 24.5 მილიონ ევროს ელის. მანჩესტერ სიტი ფერან ტორესის ტრანსფერიდან 13.3 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ბეტისი ემერსონ როიალის სანაცვლოდ 8 მილიონს. ამასთანავე, მცირედი ნაწილი ისეთ კლუბებზეც უნდა განაწილდეს, როგორიცაა: ჟირონა, ვალენსია, სპორტინგი, რენი, დორტმუნდი.
ვის აქვს ბარსელონას ვალი?
160 მილიონ ევროსთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია, მაგრამ კატალონიური გრანდის მდგომარეობას ის გარემოება ამსუბუქებს, რომ არსებობენ კლუბები, რომელთაც ბლაუგრანას დავალიანება აქვთ.
ბარსელონა სხვადასხვა კლუბებისგან 64.1 მილიონ ევროს ელის. მაგალითად, პორტუს ნიკო გონსალესის სანაცვლოდ 6.7 მილიონი აქვს გადასახდელი. ალ აჰლის დავალიანება 4.1 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო შახტარმა მარლონის სანაცვლოდ კიდევ 3.1 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. დავალიანება აქვს გადასახდელი ბრაგას, ჩელსისა და ბეტისსაც.
იმ შემთხვევაში, თუ ბარსელონა აღნიშნულ 64.1 მილიონ ევროს 1 წლის განმავლობაში მიიღებს, ტრანსფერების თანხის სრულად დასაფარად, კატალონიელებს დაახლოებით 100 მილიონი ევროს მობილიზება მაინც დასჭირებათ.
როგორ აპირებს ბარსელონა თანხის გადახდას?
ბარსელონამ 994 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო და 965 მილიონიანი ხარჯების შემდეგ, წმინდა მოგების სახით 2 მილიონი დააფიქსირა. 19 ოქტომბერს კლუბის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბიუჯეტი და ხარჯვითი გეგმა უნდა დამტკიცდეს.