მბაპეს ძალიან მკაცრი პასუხი | პარაგვაელმა სენატორმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს მხოლოდ პარაგვაელი ფეხბურთელები არ არიან არასპორტული საქციელით გამორჩეულები და ამ ყველაფერს დაემატა პარაგვაელი ქალი სენატორი - სელესტე ამარილა, რომელმაც სოციალურ ქსელში კილიან მბაპეს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა.
"კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც გამალებით ცდილობს თავი ფრანგად მოაჩვენოს. ბოღმიანი, ახალგამომცხვარი მდიდარი, ამპარტავანი და უშნო. დედის რძის ნაცვლად ქოქოსს წოვდა, ყველაზე განათლებული რამ კი, რაც კი ოდესმე სმენია - შიმპანზეების ხმაა.
ერთადერთი, რასაც ბევრი ჩვენგანი პარაგვაის ნაკრებისგან ითხოვდა, არის ის, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მისთვის სახეში ღია ხელი არ გაურტყამთ“. - სელესტა ამარილა
ამ პოსტს თავად ფეხბურთელის მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა. როგორც ჩანს, კილიანი ძალიან გაბრაზდა და ემოციები ვერ შეიკავა.
"ქალბატონო სელესტე ამარილა,
თქვენ ხართ საზიზღარი ქალი, რომელიც საკუთარი თანამდებობის ღირსი არ არის. თქვენ არ წარმოადგენთ პარაგვაის - იმ ქვეყანას, რომელმაც მთელი ამ ტურნირის განმავლობაში უდიდესი ვნება და ღირსება აჩვენა.
თქვენი დაუფიქრებლობისა და თავხედური რასიზმის გამო, მთელმა მსოფლიომ უკვე დაივიწყა ის გზა და ისტორიული ძალისხმევა, რომელსაც თქვენმა ფეხბურთელებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიაღწიეს. ამის ნაცვლად, ასპარეზზე გამოვიდა არაკომპეტენტური ქალბატონი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ყველაზე საშინელ იმიჯს აჩვენებს.
მე არასოდეს მივცემ თქვენნაირ ადამიანებს იმის თავისუფლებას, რომ მსოფლიოში სიძულვილი და რასიზმი გაავრცელონ“. - კილიან მბაპე
Madame Celeste Amarilla,
— Kylian Mbappé (@KMbappe) July 6, 2026
Vous êtes une femme méprisable et indigne de sa fonction.
Vous ne représentez pas le Paraguay, ce pays qui a transpiré la passion et l’honneur tout au long de la compétition. Par votre inconscience et votre racisme décomplexé, le monde entier a déjà… pic.twitter.com/EnYmgQXvPL
დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება სწორედ პარაგვაისთან მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება - მატჩი 10 ივლისს გაიმართება.