Belive

ლუის ენრიკემ დემბელე დასაჯა | ოქროს ბურთის მფლობელი 1 კვირით 'დაისვენებს'

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - ლუის ენრიკემ, უსმან დემბელე პარი სენ-ჟერმენის განაცხადიდან დაუყოვნებლივ ამოიღო. ფრანგული ავტორიტეტული მედიასაშუალებების, მათ შორის 'RMC'-ის ცნობით, ფრანგი თავდამსხმელი კლუბს 1 კვირით 'ჩამოშორდა'.

სიტუაცია კვირას გამართული მატჩის შემდეგ დაიძაბა, სადაც რენსა და პსჟ-ს შორის შეხვედრა ფრედ (2:2) დასრულდა. ენრიკემ დემბელე შესვენებაზევე შეცვალა, რაც ფეხბურთელმა საკმაოდ უარყოფითად მიიღო და უკმაყოფილება ღიად გამოხატა.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დემბელემ შვებულება ნაადრევად შეწყვიტა, რათა ლუის ენრიკეს განკარგულებაში რაც შეიძლება სწრაფად ჩამდგარიყო, თუმცა ახლა ესპანელმა სპეციალისტმა მას დროებით დასვენება და განტვირთვა მოსთხოვა, რადგან მისი თამაში და ხასიათი ძალიან არ მოეწონა.

ოქროს ბურთის მფლობელი ოთხშაბათისა და ხუთშაბათის სავარჯიშო პროცესს გამოტოვებს. გარდა ამისა, იგი განაცხადში არ იქნება პარასკევს, ლილის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ფრანგული მედია ირწმუნება, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭებული არ არის - ენრიკესა და დემბელეს შორის პირისპირ საუბარი უკვე შედგა.

ცნობისთვის, კვირას გამართულ მატჩში 45 წუთის შემდეგ მოედანი მხოლოდ დემბელეს არ დაუტოვებია. პირველი ტაიმის შემდეგ ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალა, რომლის ადგილზეც თამაშში მიკა გოდტსი ჩაერთო.

სხვა სტატიები