Belive

ლუის ენრიკე: "ჩემი გუნდი მაშინ ცოცხლდება, როცა ყველას განწირული ჰგონია"

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში, ლილმა პსჟ-ს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. პარიზელებმა პირველ ტურშიც 2:0-დან გადაარჩინეს შეხვედრა (2:2 რენთან) და ახლაც იგივე სცენარი განმეორდა.

დავიდე ანჩელოტის ლილი შეხვედრას სრულად აკონტროლებდა. მასპინძლები ჰაკონ ჰარალდსონის მიერ გახსნილი ანგარიშითა და შეცვლაზე შესული დილან ბაკვას ბრწყინვალე, ეფექტური დარტყმით იგებდნენ, თუმცა 91-ე წუთზე ვიტინიას შორეულ გასროლას, მარკინიოსის მიერ თავით გატანილი გოლი მოჰყვა, რამაც მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა. ეს დრამატული 'ქამბექი', ლიგა 1-ის ბოლო 60 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ მეორე შემთხვევა გახდა, როდესაც გუნდი კომპენსირებულ დროში, ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, არ დამარცხდა (ნიცა 2:2 ლიონი - სტუმრები იგებდნენ/ 2011 წლის 3 აპრილი).

ლუის ენრიკემ, ამ შემობრუნებასთან დაკავშირებით, საინტერესო განცხადება გააკეთა.

ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ გუნდის მთავარი ხელწერაა. როდესაც ყველას ჰგონია რომ განწირულები ვართ, სიტუაციის შემობრუნების უნარს ვავლენთ. ეს შესანიშნავი შეგრძნებაა და ძალიან ბედნიერები ვართ.

ვფიქრობ, ამ შედეგზე მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. ფეხბურთი ყოველთვის სამართლიანი არ არის - მთავარი გოლების გატანაა. მიმაჩნია, რომ ეს ქულა ნამდვილად დავიმსახურეთ.

შეიძლება იფიქროთ, რომ ორ მატჩში ორი ქულა ცოტაა, მაგრამ თუ გასულ სეზონში რენთან და ლილთან მიღწეულ შედეგებს გავითვალისწინებთ, ამ ორ საგარეო შეხვედრაში, შარშანდელზე ერთით მეტი ქულა ავიღეთ. ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ. აშკარაა, რომ თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და უფრო მაღალ დონეზე ასვლა გვჭირდება, თუმცა დღეს გუნდმა აჩვენა, რომ ბოლო წამამდე ბრძოლა შეუძლია. - განაცხადა ლუის ენრიკემ PSG TV-სთან საუბრისას

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ტაიმის სტარტზე შეიყვანა მოედანზე, დემბელე საერთოდ არ ათამაშა, ხოლო ბარკოლა განაცხადშიც არ ყოფილა (პსჟ-დან წასვლის ჭორების ფონზე).

შემდეგ ტურში პარიზელები პირველად ითამაშებენ საკუთარ მოედანზე და მონაკოს მიიღებენ.

სხვა სტატიები