ლუის ენრიკე: ,,გახსოვთ, რა ვთქვი ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ?''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ეს იყო ძალიან მაღალი დონის მატჩი. თამაში კარგად დავიწყეთ, გატანილი გოლის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი შანსი გვქონდა. უფრო მეტი ორთაბრძოლა მოვიგეთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში და ყოველი კონტრშეტევისას სახიფათონი ვიყავით. ზედიზედ მეორე ფინალში გასვლა რაღაც წარმოუდგენელი ამბავია. ძალიან ბედნიერები ვართ.
დაუჯერებელია... ვფიქრობ, ის, რაც დღეს და მთელი სეზონის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე ვაჩვენეთ, უმაღლესი დონეა. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დავუპირისპირდით გასვლაზე და ყველაფერი საჭირო სიმწიფითა და ხასიათით გავაკეთეთ. ეს აჩვენებს, თუ როგორი გუნდი ვართ. დავამტკიცეთ, რომ გვიყვარს ბურთის ფლობა, მაგრამ როცა დაცვაა საჭირო, ესეც ვიცით, როგორ გავაკეთოთ.
ახლა ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე უნდა ვიფიქროთ. მას შემდეგ, რაც პსჟ-ში ვარ, მუდამ ვგრძნობდით კავშირს გულშემატკივრებსა და გუნდს შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მოსაგები კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა. ასევე უნდა მოვიგოთ მომდევნო შეხვედრა ბრესტის წინააღმდეგ, გაჩერება არ შეიძლება.
არის თუ არა ეს პსჟ ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელიც ჩემს კარიერაში გამიწვრთნია? ჩვენ გვაქვს თამაშის ძალიან მკაფიო სტილი, ჩვენ წინააღმდეგ დაცვაში თამაში რთულია. ტრავმების გამო ჯერ კიდევ არ გვყოლია ისეთივე შემადგენლობა, როგორიც გასულ სეზონში გვყავდა, თუმცა ეს წარმატება აჩვენებს, თუ როგორი ფეხბურთელები გვყავს. ამის მიუხედავად, ჩემს ყოფილ კლუბებთან შედარება რთულია.
ახლა ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის მატჩისთვის. ის, რაც დღეს ვიხილეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილი სიამოვნებაა ასეთი ხარისხის გუნდის ყოლა. გახსოვთ, რა ვთქვი ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ? ვთქვი, რომ საუკეთესო გუნდი გვყავდა. თქვენ გვაკრიტიკებდით, ჩვენ კი გამოგვივიდა. არ შევმცდარვარ. ბაიერნი ჩვენს დონეზეა, არსენალი კი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
რამდენჯერ ვუყურე წინა მატჩს? ორზე მეტჯერ! ამას დამატებული უამრავი ვიდეო. თუმცა, როცა საქმე ასეთ მატჩებს ეხება, „ზედმეტი ანალიზი“ ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანი არ არის, რადგან შესაძლოა ფეხბურთი სხვა კონტექსტში დაგანახოს. მე და ჩემმა ასისტენტმა, რაფა პოლმა, წინა შეხვედრა სიღრმისეულად შევისწავლეთ, მაგრამ ის, რაც ფეხბურთელებამდე უნდა მივიტანოთ, უფრო მარტივი და გასაგები უნდა იყოს.“ - ლუის ენრიკე
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.