Belive

ლუის ენრიკე: "ეს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობაა, რაც ოდესმე მყოლია"

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრას 13 სექტემბერს, სტუმრად, ბრესტის წინააღმდეგ ჩაატარებს. პარიზული კლუბი უჩვეულო სიტუაციაშია, რადგან შიდა ჩემპიონატში ჯერ მოგება არ აქვს (პირველ 2 შეხვედრაში ფრე და მესამეში - წაგება). ბრესტთან შეხვედრამდე, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ამ მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბრესტზე
ახალი მწვრთნელი ჰყავთ, თუმცა სამწვრთნელო შტაბი იგივეა, რაც ერიკ როის დროს იყო, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ სათამაშო სტილიც გარკვეულწილად იმას დაემსგავსება, რასაც ბოლო წლებში ვხედავდით. მათ წინააღმდეგ თამაში რთულია, განსაკუთრებით მათსავე მოედანზე. მძიმე მატჩი გველის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრესტის შემტევი სტილი განსხვავდება იმისგან, რასაც შეჩვეულნი ვართ. მათი ფეხბურთელები ძალიან აქტიურები არიან, ხშირად აკეთებენ ჩაწოდებებს და ცდილობენ, მეორე ბურთებზე იბატონონ... ეს განსხვავებული, მაგრამ საინტერესო და მოტივაციის მომცემი გამოწვევაა, რადგან უჩვეულო სიტუაციაში ვართ - სატურნირო ცხრილის სათავეს საკმაოდ ჩამოვრჩით, რაც გუნდისთვის დამატებითი სტიმულია. იმედია, კვირას კარგ თამაშს ვაჩვენებთ და სამ ქულას მოვიპოვებთ.

ერიკ როიზე (ბრესტის ყოფილი მწვრთნელი, გარდაიცვალა 2026 წლის ივნისში, 58 წლის ასაკში)
ის განსაკუთრებული ადამიანი იყო და დაამტკიცა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევა შეეძლო. კვირას ის ფიზიკურად ჩვენთან არ იქნება, მაგრამ სულიერად - კი. იმედია, ეს დღე განსაკუთრებული იქნება. ის ძალიან დაგვაკლდება. ასეთია რეალობა, ასეთია ცხოვრება - წინ უნდა ვიაროთ. ვფიქრობ, ძალიან გაუხარდება, როცა ზეციდან ამ პატივისცემას დაინახავს.

შემადგენლობა
ყველა პოზიციაზე მოთამაშეთა როტაციას განვახორციელებთ. თუ გუნდს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ეს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობაა, რაც კი ოდესმე მყოლია. თუ ვინმე დაშავდება, მათ შესაცვლელად უმაღლესი დონის ალტერნატივები გვყავს. გასულ სეზონში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნახევარდაცვაში ბევრი ტრავმა გვქონდა. წელს კი, თუ ერთსა და იმავე ზონაში სამი ფეხბურთელი დაგვიშავდება, სიტუაციის გამოსასწორებლად საჭირო რესურსი გვექნება.

ოქროს ბურთზე
ყველამ იცის, რომ პარი სენ-ჟერმენი გუნდურად თამაშობს. გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებსაც „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლიათ. სწორედ ასეთი მიდგომით ვთამაშობთ ფეხბურთს და ვიგებთ. არაფერი უნდა შევცვალოთ იმისგან, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა. - განაცხადა ლუის ენრიკემ

სხვა სტატიები