Belive

ლუის ენრიკე: ,,ჩემი სიტყვები პრემიერლიგის მოგებაზე? ეს ხუმრობა ყველგან თან დამდევს''

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩელსისთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,საპასუხო შეხვედრა ყოველთვის განსხვავებულია, რადგან ერთ-ერთი გუნდი ტურნირის მიღმა რჩება და მას ამის შეცვლა სურს. ჩვენ ასეთ მატჩებს მიჩვეულები ვართ და გვინდა, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ოთხი წყვილია, სადაც სხვაობა სამი ბურთია... ვნახავთ, რამდენი მათგანი გავა შემდეგ ეტაპზე. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, პირველ შეხვედრაში ანგარიში დიდხანს თანაბარი იყო. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სამშაბათსაც იმავე სტილში ვითამაშოთ.

პსჟ-ს ინდივიდუალისტები? ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ და თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. გოლის გატანასა და მოგებას ვაპირებთ, მაგრამ მატჩში იქნება მომენტები, როცა თამაშის კონტროლი დაგვჭირდება.

შესაძლო მოდუნება? ჩემპიონთა ლიგაზე ეს გამორიცხულია, ჩელსი მომენტებს შექმნის, მაგრამ მოდუნებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

ჩემი სიტყვები პრემიერლიგის მოგებაზე? (ლუის ენრიკემ ასე შარშან იხუმრა, როცა არაერთ ინგლისურ გუნდს შეხვდა) ეს ხუმრობა ყველგან თან დამდევს. ინგლისურ კლუბებთან თამაში სიამოვნებაა, რადგან აქ უმაღლესი დონეა. გასულ წელს თითქმის ყველა ინგლისურ გუნდს დავუპირისპირდით და წელსაც იგივე ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო - ჩვენ ყველას პატივს ვცემთ...

ასეთ მატჩებში თამაში და მათი მართვა ყოველთვის განსხვავებული რამაა. ჩვენთვის, როგორც გუნდისთვისა და მოქმედი ჩემპიონისთვის, მნიშვნელოვანია ვიყოთ ფოკუსირებულნი, რადგან, როცა შენი დონის გუნდს უპირისპირდები, ამას ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უპირატესობა გვაქვს, თუმცა ვიცით, რომ ის შეიძლება ერთ წამში გაქრეს.'' - ლუის ენრიკე

ხვალ ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ჩელსი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

სხვა სტატიები