Belive

უნაი ემერი: „ჩელსისთან კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, მათ ჩვენი მოკვლა უნდათ, ჩვენ - მათი“

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი უარყოფს მოსაზრებას, თითქოს მის კლუბსა და „ჩელსის“ შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ორ გუნდს შორის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა, ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათ შორის კავშირი მხოლოდ ბიზნესით შემოიფარგლება.

მიმდინარე ზაფხულში „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასგან“ ემილიანო მარტინესი 7.5 მილიონ ფუნტი სტერლინგად შეიძინა, მანამდე კი მორგან როჯერსის სანაცვლოდ 117 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. თავის მხრივ, „ვილამ“ ნიკოლას ჯექსონი კლუბის რეკორდულ ფასად, დაახლოებით 65 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატა. ბირმინგემულმა კლუბმა ასევე იჯარით აიყვანა ალეხანდრო გარნაჩო, რომლის ტრანსფერიც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში შესაძლოა საბოლოოდ დაიხუროს.

2022 წლიდან „ჩელსიმ“ „ვილას“ ფეხბურთელებში ჯამში 163.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, ხოლო „ასტონ ვილამ“ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებში -102.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი. თუ გარნაჩოს ტრანსფერი საბოლოოდ განხორციელდება, „ვილას“ ხარჯი 150.5 მილიონ ფუნტი სტერლინგამდე გაიზრდება.

ემერის თქმით, ორ კლუბს შორის ხშირი მოლაპარაკებები და თანამშრომლობა მეგობრობას სულაც არ ნიშნავს.

„კარგი ურთიერთობა? ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ გარიგებებით შემოიფარგლება - ფულითა და ფეხბურთელებით. მათ ჩვენი მოკვლა უნდათ და ჩვენც მათი მოკვლა გვინდა. ეს კარგი ურთიერთობა არ არის“ - უნაი ემერი

„ასტონ ვილას“ დღეს ძალიან რთული შეხვედრა ელის, ბრაიტონთან 0:4 მარცხის შემდეგ, „ვილანები“ მოქმედ პრემიერ ლიგის ჩემპიონს დაუპირისპირდებიან. დიდი ალბათობით, „არსენალთან“ მატჩში დებიუტი ექნებათ ახალწვეულებს: ნიკოლას ჯექსონს, ლეონ გორეცკასა და ზიონ სუზუკის.

მიუხედავად იმისა, რომ „არსენალი“ ესპანელის სპეციალისტის ყოფილი კლუბია, ემერისგან განსაკუთრებული სენტიმენტები არ ისმოდა - პირიქით, მან ლონდონური გუნდი პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად დაასახელა.

„არსენალი ფავორიტია. თუ გუნდს შევხედავთ, მიკელ არტეტა უკვე შვიდი წელია იქ მუშაობს და გუნდი ყოველწლიურად უმჯობესდება. ისინი სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ და კლუბიც უფრო და უფრო ძლიერდება იმ ფეხბურთელების ხარჯზე, რომელთა შეძენაც შეუძლიათ.“ - უნაი ემერი

სხვა სტატიები