ლენარტ კარლი | ბაიერნის ვუნდერკინდი გერმანიის ნაკრებში გამოიძახეს
გერმანიის საფეხბურთო საზოგადოების მოლოდინი გამართლდა: მიუნხენის „ბაიერნის“ 18 წლის ტალანტი, ლენარტ კარლი, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
კარლი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტალანტია. ტანდაბალია, თუმცა გამანადგურებელი ტექნიკით გამოირჩევა. ოთხშაბათს, მან ნაკრებში გამოძახება ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშით აღნიშნა: მცველებს შორის მისთვის უკვე ჩვეულ სტილში წაიცეკვა და „ბაიერნის“ 4:1 გამარჯვებაში (ჯამური ანგარიში 10:2) საკუთარი წვლილი შეიტანა.
კარლი „ბაიერნს“ 2022 წელს, 14 წლის ასაკში შეუერთდა, თუმცა აქამდე მხოლოდ 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში, მისი პროგრესი თავბრუდამხვევი სისწრაფით წარიმართა ახლა უკვე შანსი ეძლევა, შვეიცარიასა და განასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში იულიან ნაგელსმანს დაუმტკიცოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ადგილს იმსახურებს.
ეს ყველაფერი მოულოდნელი არ ყოფილა. "ბაიერნში" კარლის დებიუტი გასულ ზაფხულს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე შედგა, აგვისტოში კი ბუნდესლიგაშიც გამოჩნდა. მას შემდეგ ის ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მოულოდნელი არც არის.
გერმანულ ფეხბურთში კარლის სახელი დიდი ხანია ისმის. ჯერ კიდევ 11 წლის იყო, „აინტრახტის“ აკადემიაში რომ თამაშობდა და ისეთი ეფექტური გოლი გაიტანა, რომ წლის საუკეთესოდ აღიარეს.
In 2019, this goal from Frankfurt’s U11 side went viral 😮💨
— Football on TNT Sports (@footballontnt) November 27, 2025
This week, the same kid, Lennart Karl scored against Arsenal for Bayern Munich in the Champions League 🤯
What a journey the 17-year-old is on 🔥 pic.twitter.com/Un4rOdsoKf
გერმანიის ნაკრებში თამაშის შემთხვევაში, კარლი თავისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა (7) დებიუტანტი გახდება.
არის კი მზად იგი ამისთვის? ბევრი მიიჩნევს, რომ კი.
ნოემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ეტაპზე, კარლის გამოძახებას მთელი გერმანია ითხოვდა, თუმცა ნაგელსმანის გადაწყვეტილებამ გულშემატკივარი გაწბილებული დატოვა. ლოთარ მათეუსი, რომელსაც ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, კარლის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია - ის ნაგელსმანს ღიად მოუწოდებს, დაივიწყოს ფეხბურთელის ასაკი და მხოლოდ მის ტალანტზე მოახდინოს ფოკუსირება.
არავინ იცის, როგორ გაუმკლავდება ფეხბურთელი წნეხს, სანამ რეალურად არ აღმოჩნდება მის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ კარლის პროგრესი ერთი შეხედვით უპრობლემოდ მიმდინარეობს, მან უკვე იგემა ვარსკვლავობის ბნელი მხარე და რამდენიმე მწარე გაკვეთილიც მიიღო.
მაგალითისთვის, თებერვალში, ბუნდესლიგის ერთ-ერთ მატჩში „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ, ის წარუმატებელი ფინტის გამო დაცინვის ობიექტი გახდა. როცა თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, კარლმა მეტოქის პირისპირ პროვოკაციული ფინტები შეასრულა, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა და ამ კადრებმა სოციალური ქსელი მოიცვა.
— TSG Hoffenheim US (@tsghoffenheimEN) February 9, 2026
კარლი მკაცრად გააკრიტიკეს და მეტოქის უპატივცემულობაში დასდეს ბრალი. გერმანულ სპორტულ მედიაში დაისვა კითხვა: საერთოდ ვინ ჰგონია მას თავი? მთავარმა მწვრთნელმა, ვენსამ კომპანიმ, კარლი დაიცვა და თქვა, რომ ფეხბურთელებს საკუთარი თავის გამოხატვას არასდროს აუკრძალავდა.
მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც მას იანვარში გადახდა. ქომაგებთან შეხვედრისას, მას ერთ-ერთმა ქომაგმა ჰკითხა, თუ არსებობდა „ბაიერნის“ გარდა სხვა გუნდი, რომელში თამაშზეც ოცნებობდა.
ასეთი შეხვედრები, როგორც წესი, არაფორმალურია და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა იქ ჟურნალისტები თითქმის ყოველთვის არიან და არაფერია ბოლომდე კონფიდენციალური. კარლი კი ჯერ კიდევ მიამიტი და გულუბრყვილო იყო და ვერ აცნობიერებდა, რომ უახლოესი 15 წლის განმავლობაში, რასაც საჯაროდ იტყოდა, აღარაფერი დარჩებოდა პირადული.
"ბაიერნი“ უდიდესი კლუბია და აქ თამაში ნამდვილი ოცნებაა. თუმცა, ოდესმე აუცილებლად მინდა მადრიდის „რეალში“ გადასვლა. ეს ჩემი საოცნებო კლუბია, ოღონდ ეს ჩვენს შორის დარჩეს“, - უპასუხა კარლმა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
დღის ბოლოს, ე.წ. „ტრანსფერ-ინფლუენსერებმა“ კარლის ფოტოშოპით დამუშავებული სურათები უკვე მადრიდის "რეალის“ თეთრ მაისურში გამოაქვეყნეს, უფრო წონიანი გამოცემები კი წერდნენ, რომ ფეხბურთელმა თავისი მომავალი კლუბი დაასახელა.
რეაქცია იმდენად აგრესიული გამოდგა, რომ კარლი იძულებული გახდა ინსტაგრამის პროფილი დაეხურა. ვენსან კომპანიმ კვლავ სიმშვიდისკენ მოუწოდა ყველას და შეახსენა საზოგადოებას, რომ ლენარტი ჯერ კიდევ ბავშვია.
"ეს მხოლოდ მცირე შეცდომა იყო,“ - განაცხადა ბელგიელმა. "ხანდახან ყველას უწევს ქარიშხალში მოხვედრა".
კი, ეს ნამდვილი ქარიშხალი იყო. ძნელი სათქმელია, ამ სკანდალმა იმოქმედა მასზე თუ სადებიუტო სეზონით გამოწვეული დაღლილობა იყო, მაგრამ ფაქტია - მას შემდეგ მოედანზე კარლი გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა., ოთხშაბათამდე მას იანვრის შუა რიცხვების შემდეგ გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი (არადა, მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა).
თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ამბები შესაძლოა სასარგებლოც კი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, უშიშრობა ახალგაზრდა მოთამაშის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ გაკვეთილების ადრეულ ეტაპზე მიღებაც არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს. ფეხბურთელისთვის ზოგჯერ სასარგებლოა "გამოფხიზლება“ მანამ, სანამ ის ნამდვილ დიდ სცენაზე აღმოჩნდება.
ლენარტ კარლი კი სწორედ დიდი მასშტაბისკენ მიიწევს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა მისთვის ჯერ გარანტირებული არ არის - მომავალ სანაკრებო მატჩებს დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა ეს მიზანი უკვე ხელშესახებია. ეს არის სცენა, რომელსაც მისი ტალანტი ნამდვილად იმსახურებს.