Belive

ლაშა ნოზაძე: "ისტორიულ და ტიტულოვან კლუბს ვხვდებით, თუმცა მატჩს მაქსიმალური კონცენტრაციით მოვეკიდებით"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული "საბურთალო" ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ყველამ კარგად ვიცით, თუ რა გუნდის წინააღმდეგ გვიწევს დაპირისპირება. ტიტულებით და ისტორიით ეს გუნდი ნამდვილად დაიკვეხნის. გასაგებია, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული წარმატებები ნამდვილად არ ჰქონიათ და მხოლოდ ორჯერ მიაღწიეს პლეი-ოფამდე და ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლეს. ამის მიუხედავად, საკმაოდ ძლიერი გუნდია და რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ. გორში "პარტიზანთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, გიორგი ჯგერენაიამ ტრავმა მიიღო, კუნთი გაიჭიმა და ვერც გასვლით შეხვედრაში დაგვეხმარა. კარგი სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მეკარე, ბექა ქურდაძე დაგვიბრუნდა და ჩვენს გუნდს გააძლიერებს. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ყველა მათგანი მწყობრშია და თავს კარგად გრძნობს. გუნდში მეკარის პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რაც ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან კარგია. ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, თამაშის შანსსაც ის ფეხბურთელი მიიღებს. მეტოქე ძალიან კარგად შევისწავლეთ. მათ როგორც თავისი, ისე სხვა ქვეყნების ნაკრებების ფეხბურთელები მრავლად ჰყავთ. შანსებზე საუბარი არ მიყვარს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ", - თქვა ლაშა ნოზაძემ.
"საბურთალოსა" და "სტიაუას" დაპირისპირება 21 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები