Belive

გია გეგუჩაძე: "პროგნოზის გაკეთება ძნელია - საბრძოლო განწყობა და რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს" 

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩის წინ, რომელშიც "დინამო ბათუმი" ალბანურ "ტირანას" დაუპირისპირდება, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

"თავს კარგად ვგრძნობთ და მატჩს ადეკვატური განწყობით ვხვდებით. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბრძოლო განწყობა გვაქვს.

ჩვენმა მოწინააღმდეგე გუნდმა ბოლო პერიოდში ყველაფერი მაქსიმალურად დახურა და ინფორმაცია ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი. რაც ვიცით, არის მხოლოდ ის, თუ რა რაოდენობისა და ხარისხის ფეხბურთელები დაიმატეს.

ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ გაძლიერდა და ამდენად, რთული მატჩის მოლოდინი გვაქვს. საკმაოდ რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, ეს არის ფეხბურთი, თამაში, რომელშიც ბევრი რამის გარკვევა მეტოქის შესახებ უშუალოდ მინდორზე მოგვიწევს", - თქვა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის თავკაცმა.

"დინამო ბათუმისა" და "ტირანას" მატჩი 13 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ის ბათუმში, 20 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები