Belive

L ჯგუფი | ინგლისელებმა იფრინეს, განამ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო

1 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფში სადებიუტო მატჩები დასრულდა. გულშემატკივარმა ამ ოთხეულში ორი სრულიად განსხვავებული სცენარი იხილა - უმაღლესი კლასის, სანახაობრივი თრილერი და მიმდინარე მუნდიალის, ალბათ, ყველაზე მძიმე და დაბალი ხარისხის დაპირისპირება, რომელიც ბოლო წუთის დრამამ იხსნა.

ინგლისი Vs. ხორვატია

მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა, ტურნირი დიდებული მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო. „სამმა ლომმა“ პირველივე ტურში საკმაოდ ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან ბრწყინვალე თამაში გამართა და მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო შოუ აჩუქა. შეხვედრა ინგლისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

მიუხედავად სოლიდური ანგარიშისა, ტუხელის გუნდისთვის ყველაფერი მარტივად არ დაწყებულა. დალასში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ხორვატებმა ორჯერ მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე სრულიად გარდასახული ინგლისი გამოვიდა. ჯუდ ბელინგემმა ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ანგარიში კი ბევრად უფრო დიდი გახდებოდა, რომ არა ხორვატთა მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის ფანტასტიკური თამაში. მატჩს წერტილი მარკუს რეშფორდმა დაუსვა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გამოიყენა შანსი და გუნდს 3 ქულა მოუტანა.

განა Vs. პანამა

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს განა და პანამა დაუპირისპირდნენ, გულშემატკივარმა საშინელი ხარისხის ფეხბურთი იხილა. გუნდებს მოედანზე პრაქტიკულად არაფერი შეუქმინათ, თამაში სავსე იყო ტაქტიკური წუნით, უხეშობითა და კრეატივის სრული არარსებობით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, თუ ყველაზე უსახური მატჩი არა. თუმცა, შეხვედრას კულმინაცია მაინც მოეძებნა - ბოლო წუთზე აფრიკელემა მოახერხეს ერთადერთი შანსის გამოყენება, გოლი გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს (1:0).

ასე და ამგვარად, პირველი ტურის შემდეგ L ჯგუფს ინგლისი და განა ლიდერობენ, მესამე და მეოთხე პოზიციას კი უქულოდ პანამა და ხორვატია იყოფენ.

მომდევნო ტური კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რადგან ხორვატიას ჯგუფიდან გასვლა თუ სურს, მათ აუცილებლად უნდა მოიგონ, ჯგუფის ლიდერები კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები