ოფიციალურად | ნიდერლანდებმა კუმანი ნაკრებიდან გაუშვა
მსოფლიო ჩემპიონატზე ნაადრევმა და დრამატულმა წარუმატებლობამ თავისი ლოგიკური შედეგი გამოიღო - რონალდ კუმანმა „ნარინჯისფერთა“ თავკაცის პოსტი ოფიციალურად დატოვა.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა სპეციალისტის გადადგომა, რაც პირდაპირ კავშირშია მუნდიალის 1/16-ფინალში მაროკოს ნაკრებთან განცდილ მარცხთან. პენალტების სერიაში ნაადრევი გამოვარდნა ნიდერლანდური ფეხბურთისთვის ნამდვილ შოკად იქცა, რადგან გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
ნიდერლანდელებმა 7 ქულა აიღეს, პირველი ადგილი დაიკავეს და მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. თუმცა, პირველივე გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ, რაც 63 წლის მწვრთნელის გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზი გახდა.
🚨🚨| OFFICIAL: Ronald Koeman has 𝐑𝐄𝐒𝐈𝐆𝐍𝐄𝐃 as Netherlands head coach. 🇳🇱❌ pic.twitter.com/FSme5k2hVM
— ALL ABOUT THE 2026 FIFA WORLD CUP🏆 (@PitchConvos) June 30, 2026
მიუხედავად ჯგუფში ნაჩვენები კარგი თამაშისა, კუმანის გადადგომის მიღმა გაცილებით ღრმა, სისტემური პრობლემაა მთავარი მიზეზი, რასაც საზარელი სტატისტიკაც მოწმობს. მას შემდეგ, რაც მან 2023 წელს მეორე ვადით ჩაიბარა ნაკრები (პირველად 2018-20 წლებში წვრთნიდა), ნიდერლანდელებმა რეიტინგის ტოპ 25 გუნდის წინააღმდეგ 14 მატჩი გამართეს და კუმანმა ვერცერთი თამაშის მოგება ვერ მოახერხა. 6 ფრე და 8 მარცხი - ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი გუნდისთვის, რომელსაც ყოველთვის უმაღლესი მიზნები აქვს.
გრანდებთან ამ უსუსურმა სერიამ და მუნდიალზე მაროკოსთან ნაადრევმა კრახმა, რონალდ კუმანის ეროვნული ნაკრებიდან მოხსნეს. ნიდერლანდურ ფეხბურთში კუმანის მეორე ეპოქა დასრულდა, გუნდი კი ახალი მწვრთნელის ძიებაში ჩაერთვება, რომელმაც „ნარინჯისფერებს“ ტოპ მატჩებში გამარჯვების მენტალიტეტი უნდა დაუბრუნოს.