Belive

კვარაცხელია - ფეხბურთელი, რომელიც ევროპის მასშტაბით ჯადოქრობებს ახდენს

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

გავლენიან ესპანურ გამოცემა Marca-ს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას კარგი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენია. ქართველ ტალანტს სტატიაც მიუძღვნეს, სადაც კვარაცხელიაზე საკმაოდ ბევრი ისაუბრეს.

ადვილი არ არის გულშემატკივარმა იგივე სიმაღლეზე დაგაყენოს როგორც მარადონა, თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ ეს შეძლო. ამისთვის კი, თითქმის ნახევარი სეზონი დასჭირდა. ქართველი ფეხბურთელი იმდენად უყვართ ნეაპოლში, რომ ზედმეტსახელად "კვარადონასაც" ეძახიან. მარადონას წასვლის შემდეგ 30 წელი არის გასული და იტალიის სამხრეთ ნაწილის ქალაქს ახალი კერპი ჰყავს. ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც "ნაპოლი" ისტორიაში მესამე სკუდეტოსკენ მიჰყავს. მეტიც, კლუბის პრეზიდენტ დე ლაურენტისს სჯერა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც შეძლებენ.

"ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, ჩემპიონთა ლიგაზეც მსოფლიოში საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ. ვფიქრობ, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ამას ადასტურებენ ტოტალიზატორებიც, რომლებიც სავარაუდო გამარჯვებულთა სიაში მეოთხე ან მეხუთე პოზიციაზე გვაყენებენ - განაცხადა დე ლაურენტისმა BILD-თან საუბრისას.

"ნაპოლის" მიერ ზაფხულში გატარებულმა სატრანსფერო პოლიტიკამ ნათლად აჩვენა, რომ კლუბის მფლობელი მის სპორტულ დირექტორს ჯუნტოლის ენდობა და ამ უკნასკნელმაც ნდობა გაამართლა. ზაფხულში ნეაპოლი დრის მერტენსმა და ლორენცო ინსინიემ დატოვეს, სანაცვლოდ "დინამო ბათუმიდან" ყველასათვის უცნობი ხვიჩა კვარაცხელია მოვიდა.

"ნაპოლიმ" ქართველ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და მის მიერ გაწეული სამსახური ნამდვილად შეუფასებელია. ცოტა ხნის წინ, "რუბინმა" (ხვიჩას ყოფილმა კლუბმა) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდნენ, რომ თავის დროზე "იუვენტუსმა" ხვიჩაში 20 მილიონი არ გადაიხადა, რადგან ეს ზედმეტად ძვირი ეჩვენათ. ეს ფასი წარსულში დარჩა. 12 გოლი და 14 საგოლე გადაცემა კარგი მიზეზია იმისა, რომ კვარას ფასმა საგრძნობლად მოიმატოს.

არ უნდა დავივიწყოთ ხვიჩასა და "რეალის" ურთიერთობაც. ქართველს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი საყვარელი კლუბის სწორედ "ბლანკოსია". ამას ადასტურებს მისი აგენტიც მამუკა ჯუღელი.

"მადრიდის "რეალი? სხვა კლუბების მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი დიდია, კვარა კი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, სკუდეტოსა და "ნაპოლის" მატჩების მოგებაზე ფიქრობს" - განუცხადა მამუკა ჯუღელმა CalcioNapoli24-ს.

თებერვლის დასაწყისში OPTA-მ გაავრცელა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა ერთ-ერთი იყო საუკეთესო ჩემპიონატებში, რომელსაც მინიმუმ 10 გოლი და 10 ასისტი ჰქონდა. ამ სიაში კვარა ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, როგორებიც არიან: მესი, ნეიმარი, გნაბრი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ კვარაცხელია ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდა იყო.

ფაქტია, რომ კვარადონა განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მეტოქეებს მისი ეშინოდეთ. ალბათ ალექსანდრ-არნოლდიც ახლა ხედავს კოშმრებს! ჩემპიონთა ლიგა ნამდვილი ვარსკვლავების პლაცდარმია. ხვიჩამ 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით, უკვე გვაჩვენა მისი კლასი. - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ დღეს ხვიჩას საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, “აინტრახტისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგება. აღნიშნული შეხვედრა 23:55 საათზე, “Deutsche Bank Park”-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები