Belive

კვარაცხელია: "ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, CR7 ჩემი კუმირია"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
იტალიურმა Il Mattino-მ "ნაპოლის" ვინგერთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუში ჩაწერა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი ინტერესების შესახებ ისაუბრა. რატომ ნაპოლი? "ბევრი არც მიფიქრია. როგორც კი "ნაპოლის" ინტერესის შესახებ გავიგე, მაშინვე დავთანხმდი. ვფიქრობ, გუნდთან ერთად ბევრის მიღწევა შემიძლია". ჩემპიონთა ლიგა "ამაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგა ჩემი ოცნებაა და ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე". "ქართველი მესი" "შესაძლოა, მესი საერთოდ სხვა პლანეტიდან არის, თუმცა ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც შრომის შედეგად, მესის დონეს მიაღწია. კრიშტიანუ დიდი ფეხბურთელი და საოცარი პროფესიონალია". კვარა "ჩემი გვარის სწორად წარმოთქმა უჭირთ. ყველას ვუთხარი, რომ შეუძლიათ კვარა დამიძახონ, თუმცა მსურს, რომ მაისურზე სრული გვარი ეწეროს". იტალიური ენა "მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო და შემდეგ იტალიური. ჯერჯერობით, სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი, თუმცა გუნდში შესანიშნავი მასწავლებლები გვყავს, რომლებიც დამეხმარებიან. მეორე მხრივ, კარგად გავეცანი ადგილობრივ სამზარეულოს: პიცას, მოცარელა და ტომაზოს ყავა შეუცვლელია". ფაბიო კაპელომ კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა "ვიმედოვნებ, რომ მის დონემდე ავალ, ამისთვის კი ძალიან ბევრი შრომაა საჭირო". შორს სახლიდან 17 წლის ასაკში "ყაზანში 2 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ ომი დაიწყო და მივხვდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი. ომის არ მეშინოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ჩემს მიწაზე, უფრო უსაფრთხო ადგილას უნდა ვყოფილიყავი. საქართველოში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ: ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩის მეორე ტაიმში, ჩვენმა გულშემატკივარმა სტადიონის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადაინაცვლა იმისთვის, რომ ჩემთვის ახლოდან ეყურებინა. ეს საოცარი იყო".

პირველი დღე "ნაპოლიში" "შესანიშნავი შეგრძნება იყო, ყველა ისე დამხვდა, თითქოს ოჯახის წევრი ვყოფილიყავი. აქ ყველას ვუყვარვარ და რამდენიმე კვირაში თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. არ ვიცი სად ვიცხოვრებ, თუმცა ჩემს სახლთან ახლოს სპორტული ცენტრი უნდა იყოს, რომ საქმეზე მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული". საყვარელი პოზიცია "ყველაზე კომფორტულად თავს მარცხენა ფლანგზე ვგრძნობ, თუმცა თანდათანობით, ყველა პოზიციას ვეჩვევი. მიყვარს საჯარიმო დარტყმების შესრულება, მაგრამ "ნაპოლიში" შესანიშნავი შემსრულებლები არიან, ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია. სპალეტისთან ურთიერთობა "შესანიშნავი მასწავლებელია. მისგან ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ სპალეტის ყველასთან მსგავსი მიდგომა აქვს".

სხვა სტატიები