კრიშტიანუ რონალდუმ სობოსლაის პირობა შეუსრულა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში, პორტუგალიამ უნგრეთი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩში 40 წლის რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო უნგრეთის კაპიტანმა, დომინიკ სობოსლაიმ, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანა, რითაც საკუთარ ქვეყანას მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა (უნგრეთი ჯგუფში მეორე ადგილზეა).
წინა სანაკრებო შესვენებისას, 9 სექტემბერს, უნგრეთმა უმასპინძლა პორტუგალიას და ის შეხვედრა 2:3 წააგო. მატჩის დასრულების შემდეგ, სობოსლაიმ რონალდუს მაისური ითხოვა, თუმცა უთხრეს, რომ ხუთგზის ოქროს ბურთის მფლობელმა უკვე გასცა თავისი მაისური.
მაშინ რონალდუმ (ESPN-ის საშუალებით) პირობა დადო, რომ ლისაბონში ჩასატარებელ მატჩში სობოლსაის აუცილებლად უსახსოვრებდა მაისურს - უნგრელმა დაადასტურა, რომ რონალდუმ ეს პირობა შეასრულა.