Belive

კოტ დ'ივუარის მწვრთნელმა შვაინშტაიგერი რასიზმში დაადანაშაულა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატზე სერიოზული სკანდალი აგორდა. კოტ დ'ივუარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ემერს ფაემ, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ბასტიან შვაინშტაიგერი მკაცრად გააკრიტიკა და მის განცხადებებს რასისტული უწოდა. შვაინშტაიგერმა, რომელიც გერმანულ ტელეარხ ARD-ზე ექსპერტად მუშაობს, გერმანიისა და კოტ დ'ივუარის მატჩის (2:1) შემდეგ განაცხადა.

„აფრიკული ფეხბურთი ველურია, ცოტა არატრადიციული და ტაქტიკურად ნაკლებად განვითარებული." - ბასტიან შვაინშტაიგერი

ამ სიტყვებს აფრიკული ფეხბურთის წარმომადგენლებში დიდი პროტესტი მოჰყვა, თუმცა ყველაზე მკაცრი თავად კოტ დ'ივუარის დამრიგებელი აღმოჩნდა.

კურასაოსთან მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ, ფაემ ემოციები ვერ დამალა და ამის შესახებ ისაუბრა.

„ეს ძალიან სამწუხაროა. ბასტიანი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მე თავად ნახევარმცველი ვიყავი და მის თამაშზე ვგიჟდებოდი, მეგობრები ზედმეტსახელად 'ბასტიანსაც' კი მეძახდნენ. ამიტომ, მისი სიტყვებით იმედგაცრუებული ვარ. როცა ფეხბურთი ასე კარგად იცი, უცნაურია, როცა ასეთ რასისტულ განცხადებას აკეთებ. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“. - ემერს ფაე

ფაემ, რომელმაც 2023 წელს კოტ დ'ივუარს აფრიკის თასი მოაგებინა, ხაზი გაუსვა, რომ აფრიკული ფეხბურთი დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებას და ის ტაქტიკურადაც ძალიან მაღალ დონეზეა. მწვრთნელის თქმით, ბევრი ვარსკვლავი კარიერის დასრულების შემდეგ ექსპერტობას იწყებს და მივიწყებული პოპულარობის დასაბრუნებლად მსგავსი იაფიანი სკანდალების შექმნას ცდილობს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კოტ დ'ივუარის ნაკრებს საზეიმო განწყობა აქვს. კურასაოს დამარცხების შემდეგ, აფრიკულმა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური, რაც შვაინშტაიგერის სიტყვებზე ბევრად უკეთესი პასუხია.

სხვა სტატიები