კილიან მბაპემ ევროპული ოქროს ბუცი პირველად მოიგო
კილიან მბაპეს პირველივე სეზონი, რომელიც მან რეალში გაატარა, დიდი ინდივიდუალური ჯილდოს მომტანი აღმოჩნდა. ფრანგმა კარიერაში პირველად მოიგო ევროპული ოქროს ბუცი.
კილიანმა, ესპანეთში, სადებიუტო სეზონში, 31 გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ასევე მოიგო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც. სეზონის ბოლო თამაშში დუბლის შესრულების შემდეგ, მბაპემ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა სპორტინგის თავდამსხმელ ვიქტორ დიოკერეშისა (39 გოლი) და ლივერპულის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰზე (29 გოლი) წინ.
მიუხედავად იმისა, რომ დიოკერეშმა მბაპეზე რვა გოლით მეტი გაიტანა, ის მეორე ადგილზე გავიდა, რადგან რეიტინგს ქულების სისტემა განსაზღვრავს. ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში - პრემიერლიგაში, ლა ლიგაში, ბუნდესლიგაში, სერია A-სა და ლიგა 1-ში მოასპარეზე მოთამაშე ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლები ორ ქულას უდრის. უეფას კოეფიციენტით, მეექვსედან 22-ე ადგილამდე მყოფ ლიგებში, მათ შორის პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გატანილი გოლები 1.5 ქულის ტოლია.
მბაპე რეალის მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა - უგო სანჩესის (1989-90) და კრიშტიანუ რონალდუს (2010-11, 2013-14 და 2014-15) შემდეგ.
რეიტინგის პირველ ხუთეულში შემდეგი ადგილები დაიკავეს: მბაპე (62 ქულა), დიოკერეში (58.5), სალაჰი (58), რობერტ ლევანდოვსკი (54), ჰარი კეინი (52).