Belive

კილიან მბაპე: "სირცხვილია, გოლს რომ მეკარე გიტანს - დავიმსახურეთ 8 გუნდში ვერ მოხვედრა"

20 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ლიგის ფაზა დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდის რეალმა მარცხის გამო 8 საუკეთესო გუნდში პოზიცია დაკარგა და პლეი-ინში მოხვდა, შესაბამისად ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 1/16-ფინალიდან გააგრძელებენ და პირველ 8 გუნდთან შედარებით, ორით მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ.

ალვარო არბელოას მძიმე პერიოდი კი გრძელდება და ამ მარცხის შემდეგ, ესპანურ მედიაში კიდევ უფრო აქტიურად იწერება, რომ შესაძლოა მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულამდე ვერ მიაღწიოს და კლუბიდან იძულებით გაუშვან.

მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე, რომელმაც ბენფიკას დუბლი შეუსრულა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა, მატჩის შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო და 'სამეფო კლუბის' შესახებ საკმაოდ აგრესიულად ისაუბრა.

"ძალიან მძიმეა ასეთი მარცხი, თანაც მატჩის დასასრული ისეთი იყო, რომ მრცხვენია. ბოლო გოლი, რომელიც გავუშვით, ჩვენთვის სირცხვილი იყო და დიახ სირცხვილია, როდესაც გოლს მეკარე გიტანს.

პლეი-ინში ყოფნა გულდასაწყვეტია, 2 მატჩით მეტის თამაში გვიწევს, როდესაც საკმაოდ რეალური შანსი გვქონდა, რომ 8 საუკეთესო გუნდში მოვხვედრილიყავით.

აშკარაა, რომ პრობლემები უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ ძალიან არათანმიმდევრულები ვართ, რასაც მოაქვს წარუმატებლობა და ეს შედეგი.

ჩვენ ვიმსახურებთ იმ პოზიციას, რომელშიც ვართ, რადგან 8 საუკეთესო გუნდში თამაში არ დაგვიმსახურებია." - კილიან მბაპე

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 15 ქულით მე-9 პოზიციაზე დაასრულა და მე-8 ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის მინიმალური ქულით ჩამორჩა, კილიან მბაპემ კი ჯგუფური ეტაპი 13 გატანილი გოლით დაასრულა.

16 გუნდი ე.წ პლეი-ინში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 8 მერვედფინალისტი სწორედ მათ შორის გაირკვევა. პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 30 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები