კილიან მბაპე: „ბინძურ ფეხბურთშიც კი უკეთესები ვიყავით“
მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა პარაგვაის ნაკრები და 1/4-ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით კილიან მბაპემ გაიტანა. ამ წარმატებით ფრანგების ლიდერი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის სათავეში მოექცა - მას და ლიონელ მესის აქტივში 7-7 გატანილი გოლი აქვთ და ოქროს ბუცის მთავარ პრეტენდენტებად გვევლინებიან.
ეს შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და სკანდალურ მატჩად შეფასდეს, რისი მიზეზიც მოედანზე გადამეტებული უხეშობა და არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებები გახდა. პარაგვაელი ფეხბურთელები მოედანზე საფეხბურთო მატჩის ნაცვლად, პირდაპირი გაგებით, MMA-ის ორთაბრძოლას მართავდნენ და ფრანგებზე ფიზიკურად ძალადობდნენ. მიუხედავად ამისა, მატჩის მთავარმა მსაჯმა, უზბეკმა ილგიზ ტანტაშევმა, პარაგვაელთა აგრესიას თვალი დახუჭა და შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა - სამივე ფრანგი ფეხბურთელების წინააღმდეგ, რაც ნამდვილად კომიკურია.
მატჩის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ, მეტოქის სტილსა და მოედანზე შექმნილ ვითარებაზე საკმაოდ მკაცრად და პირდაპირ ისაუბრა.
„მათ გონებიათ, რომ მოედანზე სმოკინგებით გამოვიდოდით და მხოლოდ ლამაზ კომბინაციებს გავათამაშებდით. მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენც შეგვიძლია „ბინძური ფეხბურთის“ თამაში. თუ საჭირო გახდება ხელების გასვრა, ამასაც გავაკეთებთ.
დღეს ასეთ ფეხბურთშიც კი მათზე უკეთესები ვიყავით. ისინი ჩვენს გატეხვას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ თავადვე აღმოჩდნენ გატეხილები.“ - კილიან მბაპე
საფრანგეთმა მძიმე და ფიზიკურად დამღლელ ბრძოლაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა. მსაჯის მხრიდან აშკარა არათანმიმდევრული მსაჯობისა და მეტოქის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, დეშამის გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ახლა უკვე ტურნირის 1/4-ფინალში გავიდნენ.
1/4-ფინალში ფრანგების მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება.