კიდევ ერთი ფავორიტი გუნდის მოულოდნელი მარცხი
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გაიმართა საფრანგეთსა და კოტ დიუვარს შორის, სადაც "მამლებმა", მოულოდნელად 1:2 წააგეს. ანგარიში ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე რაიან ჩერკიმ გახსნა და თავის გუნდს პირველი ტაიმიც მოაგებინა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. კოტ დიუვარმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. სახიფათო მომენტებიც შექმნა და 53-ე წუთზე გუელა დუესა და 84-ე წუთზე ამალ დიალოს გოლების წყალობით, მოულოდნელი გამარჯვებაც მოიპოვა.
🚨🇨🇮 AMAD DIALLO GIVES IVORY COAST THE LEAD IN THE 84TH MINUTE!pic.twitter.com/JOYkpMXm22
— Tekkers Foot (@tekkersfoot) June 4, 2026
საფრანგეთმა უარყო ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ თითქოს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში არაა და წლევანდელ მუნდიალს მოუმზადებელი ხვდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ფრანგთა ნახევარმცველმა, აურელიენ ჩუამენიმ. მისი თქმით, კოტ დიუვართან მარცხი მოსამზადებელ ეტაპად უნდა შეფასდეს.
"წაგება სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ჯერ მოსამზადებელ ფაზაში ვართ და თავდაჯერებულები ვრჩებით". - აურელიენ ჩუამენი
თუმცა, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა აღიარა, რომ მეორე ნახევარში მისმა გუნდმა თამაშზე კონტროლი დაკარგა და ვერ შეინარჩუნა ის უპირატესობა, რომელიც პირველ ტაიმში ჰქონდა მოპოვებული.
"შესვენების შემდეგ ისეთი კარგები აღარ ვიყავით, როგორც პირველ ტაიში, ხოლო მეტოქემ, თამაშში, დიდი სისწრაფე და ენერგია შემოიტანა. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია. რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მსგავს თვისებებს ბევრი გუნდისგან შევხვდებით. ახლა საჭიროა, რომ ამ მატჩიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და მომდევნო შეხვედრებისთვის უკეთ მოვემზადოთ. 16 ივნისს სწორედ მსგავსი ტიპის გუნდს შევხვდებით". - დიდიე დეშამი
საფრანგეთი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 ივნისს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 16 ივნისს, სენეგალთან გამართავს. კოტ დიუვარი, 11 ივნისს, შემდეგ ამხანაგურ შეხვედრაში, ნიგერიას დაუპირისპირდება. მუნდიალზე კი სტარტს, 17 ივნისს, იაპონიის წინააღმდეგ აიღებს.