ხაბი ალონსო: "იამალის რეპლიკებს არ ვუპასუხებ"
ლა ლიგის მე-10 ტურში სეზონის პირველი ელ კლასიკო შედგება. 'სანტიაგო ბერნაბეუზე' რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. ხაბი ალონსომ არ უპასუხა ლამინე იამალის რეპლიკებს და ხაზი გაუსვა მატჩის მნიშვნელობას და იმას, რომ რეალმა პირველი ადგილი უნდა შეინარჩუნოს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას 18 წლის შემტევმა, რეალ მადრიდს მატყუარებისა და 'მტირალების' გუნდი უწოდა.
ამ რეპლიკების საპასუხოდ არაფერს ვიტყვი. ბარსელონაში ბევრი განცხადება გაკეთდა და ყველა მათგანზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა ხდება მოედანზე. საიდან მოვედით და რა გველის წინ. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და რაზეც ვმუშაობთ.
ელ კლასიკო განსაკუთრებულია, თანაც პირველი მას შემდეგ, რაც ახალი პროექტი დავიწყეთ. ჩვენ გვჭირდება სტადიონს ჰქონდეს დიდი მატჩების ენერგია, ვიცით, კარგ ფორმაში ვართ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. - განაცხადა ხაბი ალონსომ
ალონსომ სეზონის პირველი კლასიკო უნდა გამოიყენოს, როგორც შანსი რეალ მადრიდისთვის, რათა დაიბრუნოს დომინირება დიდ მატჩებში - ხარისხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში (პსჟ-სთან) და ლა ლიგაში, ატლეტიკო მადრიდთან განცდილი მარცხის შემდეგ.
გასულ სეზონში, ბარსელონამ ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა რეალი (3 ტურნირზე), მათ შორის ბერნაბეუზე 4:0 და სუპერთასის ფინალში 5:2 ანგარიშით.