კევინ კიგანი მძიმე სენს ებრძვის - ლეგენდას ნიუკასლთან დამშვიდობება სურს
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელს, ლეგენდარულ - კევინ კიგანს, სიმსივნის მეოთხე სტადია აქვს. ლეგენდარულ სპეციალისტს სურს, რომ სიცოცხლის დასრულებამდე თავის საყვარელ კლუბს (ნიუკასლს) და გულშემატკივრებს ღირსეულად დაემშვიდობოს.
„სიმსივნის მეოთხე სტადია მაქვს. ეს მართლაც უმძიმესი პერიოდია... მინდა, რომ ნიუკასლ იუნაიტედს სათანადოდ დავემშვიდობო... უბრალოდ დამპირდით, რომ სანამ ცოცხალი ვარ, 'სენტ ჯეიმს პარკზე' ჩემს ქანდაკებას არ დადგამთ..." - კევინ კიგანი
ეს უმძიმესი ამბავი და დიდი დარტყმაა მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის.
ლეგენდარული ფეხბურთელი 2-გზის (1978, 1979 წლები) ოქროს ბურთის მფლობელია. მან ოქროს ბურთები ჰამბურგში თამაშის პერიოდში მოიგო, როდესაც გერმანიის ჩემპიონი გახდა.
კევინ კიგანი წლების განმავლობაში ლივერპულში, ჰამბურგში, საუთჰემპტოსა და ნიუკასლში თამაშობდა, სადაც ჯამში 204-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. გარდა საკლუბო კარიერისა, იგი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 10 წლის განმავლობაში (1972-1982) თამაშობდა, სადაც 63 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კევინ კიგანმა სამწვრთნელო კარიერას მიაშურა, მისი პირველი კლუბი ნიუკასლი იყო. "კაჭკაჭების" შემადგენლობაში მან 5 წელი გაატარა და 251 მატჩი ჩაატარა, კლუბთან ერთად კი ინგლისის მეორე დივიზიონი მოიგო. მოგვიანებით, კერძოდ კი 2001/2002 წლების სეზონში იგივე გაიმეორა მანჩესტერ სიტის რიგებშიც.
კევინ კიგანი ნიუკასლისთვის ყოველთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი ან მწვრთნელი. ის კლუბის სული და ეპოქის სიმბოლოა. ახლა, ცხოვრების ყველაზე მძიმე ბრძოლაში, საფეხბურთო სამყარო ერთიანდება იმ ადამიანის გარშემო, რომელმაც ამ სპორტს მთელი გული აჩუქა. 'სენტ ჯეიმს პარკი' კიგანს ქანდაკების გარეშეც არასოდეს დაივიწყებს, თუმცა მანამდე წინ კიდევ ერთი, ყველაზე ემოციური შეხვედრაა, სადაც „კაჭკაჭების“ არმია თავის ლეგენდას სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით დახვდება...