კაზემირო ჟურნალისტებს გაუბრაზდა: "ნუ შემჭამეთ ნეიმარით, ის ჩვეულებრივი ფეხბურთელია"
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალისთვის შეკრება დაიწყო - ნაკრები შეკრებას ბრაზილიაში გადის და ყველა ფეხბურთელი ვარჯიშობს, ვინც მუნდიალის შემადგენლობაში მოხვდა, გარდა ნეიმარისა და დანილოსა, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ, თუმცა საგანგაშო არაფერია და ისინი გუნდის შეკრებაზე რჩებიან.
26-კაციან შემადგენლობას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები - მარკინიოსი, გაბრიელ მაგალაესი და გაბრიელ მარტინელი შეავსებენ, ისინი გუნდს ჩემპიონთა ფინალის შემდეგ შეუერთდებიან.
29 მაისს პრესკონფერენცია გამართეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კაზემირომ. საინტერესო პრესკონფერენცია გამოდგა, სადაც კაზემირო ჟურნალისტებს გაუბრაზდა. საქმე ნეიმარს ეხებოდა, ჟურნალისტებმა არაერთი კაზემიროს ნეიმარის შესახებ არაერთი კითხვა დაუსვეს, რამაც 34 წლის ბრაზილიელი გააბრაზა.
"მუნდიალის წინ გუნდში ძალიან კარგი განწყობაა - მიყვარს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთი და წამი, თანაც მაშინ, როდესაც მუნდიალისთვის მზადებაა. წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ბევრი ძალიან მაღალი დონის ნაკრებია და გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.
რაც შეეხება ნეიმარს, ბოდიშს გიხდით მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე. ის ჩემი მეგობარი და საყვარელი ადამიანია, თუმცა დამღლელია მასზე მუდმივი კითხვები და საუბარი.
ნეიმარი, ნეიმარი, ნეიმარი - პირზე სულ ის გაკერიათ და არ ვართ ჩვენ აქ ნეიმარის გამო შეკრებილები. ვფიქრობ, ნეიმარი ისეთივე ფეხბურთელია, როგორც ყველა დანარჩენი გუნდის წევრი. ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა ისევე, როგორც სხვა დანარჩენი 26-ვე..." - კაზემირო
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ანჩელოტის გუნდი პირველ შეხვედრას 13 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.