კატარი მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის მხარდასაჭერად ფანებს ფულს უხდიდა
4 წლის წინაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კატარი ფანებს გულშემატკივრობაში ფულს უხდიდა. მაშინ ეს ბრალდებები ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ უარყო.
ახლა კი Telegraph Sport-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით მტკიცდება, რომ კატარი თავად აფინანსებდა ადამიანების მგზავრობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, რათა მათ მთელი ტურნირის განმავლობაში მხარი დაეჭირათ გუნდისთვის. ბილეთები, ფრენები და სასტუმროს ნომრები ათასობით დოლარი ღირდა, თუმცა ბევრმა მათგანი მთლიანი პაკეტი სრულიად უფასოდ მიიღო.
,,ბოსნიასთან მატჩამდე სულ რაღაც 24 საათით ადრე, 500-მდე ადამიანს, რომელთაგან ზოგიერთი საფეხბურთო მატჩზე საერთოდ არასდროს ყოფილა, Hyatt Regency-ის (სასტუმრო სიეტლში) მე-3 სართულზე კატარელი ოფიციალური პირები შეეგებნენ და შეატყობინეს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება სრულიად უფასოდ შეეძლოთ.'' - წერს Telegraph

ბოსნიასთან 1:3 წაგებულ მატჩზე, 2 000-მდე ფანი სტადიონზე სრულიად უფასოდ იმყოფებოდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ადგილების შესავსებად ფულს ადგილობრივებსაც კი უხდიდნენ. თუმცა, დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სიეტლში 1 000-ზე მეტი გულშემატკივარი კატარის მიერ სრულად დაფინანსებული ტურით ჩავიდა.
Telegraph-ის მიერ გამოკითხული ადამიანების თითქმის მეოთხედმა უფასო ბილეთები ისე მიიღო, რომ კატართან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ. „ბევრ ჩვენგანს მანამდე სტადიონზე ფეხიც კი არ ჰქონდა დადგმული.“ - თქვა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საუდის არაბეთში დაიბადა, ახლა კი ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს.
„ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო გავატარე,“ - განაცხადა ამერიკელმა, რომელსაც კატარის ფორმის ქვეშ ბრაზილიის მაისური ეცვა.
კატარის ფეხბურთის ასოციაციამ 5 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, რითაც ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „კატარელი ფანების დელეგაციის პროგრამა“ დაახლოებით 1 000 ადამიანს დააფინანსებდა.
მმართველმა ორგანომ ისიც დაადასტურა, რომ მატჩებზე დასასწრებად აშშ-სა და კანადაში მყოფი კატარელი სტუდენტებიც იყვნენ მიწვეულნი. თუმცა, Telegraph Sport-ის მიერ სიეტლში ჩატარებული მოკვლევა აჩვენებს, რომ ეს პროგრამა ბევრად უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავდა, ვიდრე თავიდან ეგონათ. სტადიონზე მყოფმა რამდენიმე ფანმა ისიც კი აღნიშნა, რომ უფასო ბილეთები საუდის არაბეთის მატჩებზე დასასწრებადაც მიიღეს.
ბოსნიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, კატარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
ჩვენი ფანების მადლობელი ვარ. ისინი უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ მაინც სცადეს ჩვენი მხარდაჭერა და ბოლომდე გვერდში გვედგნენ. მათ გამო გული მწყდება, თუმცა ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მათ შეუძლიათ ამ გუნდით იამაყონ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მომავლის იმედი უნდა გვქონდეს.
კატარის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ქულით B ჯგუფის მე-4 პოზიციაზე დაასრულა.