კარლო ანჩელოტი: "მოვიდა დრო, რომ ბრაზილიამ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სანაკრებო პაუზის შესვენების დროს, ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს აზიური ქვეყნების წინააღმდეგ გამართავს. 10 ოქტომბერს "სელესაო" სამხრეთ კორეას, ხოლო 14 ოქტომბერს იაპონიას ესტუმრება.
66 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ, რომელიც უკვე 4 თვეა ბრაზილიის მთავარი მწვრთნელია, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დრო მოვიდა, ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიული მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს.
„მე ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის თავდაცვითი თამაში ივნისსა და სექტემბერში. გუნდი ძალიან კარგად იცავდა თავს - კომპაქტური, ერთიანი, თავდადებული, ინტენსიური გუნდი მყავს.
გუნდს გაუმჯობესება ბურთის ფლობაში სჭირდება. გუნდმა უნდა აჩვენოს ინდივიდუალური თვისებები, რაც მას აქვს და ჩვენ ეს თვისებები ძალიან კარგად გვაქვს გამჯდარი.
შეგიძლიათ ითამაშოთ ოთხი, სამი ან ხუთი კაცით შეტევაში, მაგრამ მნიშვნელოვანია მოედანზე ნაჩვენები ხარისხი. რაც მე ნამდვილად მომწონს, არის გუნდური ატმოსფერო. ეს ძალიან პოზიტიურია მოთამაშეების დამოკიდებულებისა და პროფესიონალიზმის გამო.
ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ბრაზილიის ნაკრების დროც დადგა, რომ ჩვენ ისტორიული და რიგით მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ, ამისათვის კი საჭიროა, რომ გუნდი ძალიან ერთიანი იყოს.
თითოეული ჩვენგანი ფიქრობს მიზანზე, რომელიც ძალიან ნათელია - ჩვენ უნდა მოვიგოთ მსოფლიო ჩემპიონატი.
მსურს, რომ მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნა სურთ, იბრძოლონ, იმუშავონ და მსოფლიო პირველობას საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ." - კარლო ანჩელოტი
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიამ ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი 2002 წელს მოიგო, იქამდე კი მათ მსოფლიო ჩემპიონობა 4-ჯერ შეძლეს (1958, 1962, 1970 და 1994 წლებში).