K ჯგუფი | კოლუმბია ჯგუფის სათავეშია, პორტუგალიისგან ყველა მეტს ელის
მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფში პირველივე ტურმა ნამდვილი დრამა და მოულოდნელი შედეგები გვაჩვენა. ფავორიტმა პორტუგალიამ სენსაციურად ქულები დაკარგა, ხოლო ლიდერობა სამხრეთამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში.
პორტუგალია Vs. კონგო
ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, პორტუგალიამ, კონგოს ნაკრებთან სენსაციურად დაკარგა ქულები. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ევროპელები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა კონგოელთა ორგანიზებულმა და თავდადებულმა თამაშმა მეტოქეს გამარჯვების შანსი არ მისცა. ეს ფრე ჯგუფში სიტუაციას მაქსიმალურად ძაბავს.
აღსანიშნავია, რომ კონგოელთათვის ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი პირველი გოლი იყო.
შეხვედრა განსაკუთრებით წარუმატებელი გამოდგა პორტუგალიელთა კაპიტნისთვის, რომელიც მეექვსე მუნდიალს ატარებს. კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე ძალიან სუსტი მატჩი ჩაატარა - შეხვედრის განმავლობაში მას მეტოქის კარის ჩარჩოში ერთხელაც კი არ დაურტყამს.
უზბეკეთი Vs. კოლუმბია
ჯგუფს სათავეში კოლუმბიის ნაკრები ჩაუდგა, რომელმაც უზბეკეთის ბარიერი დაძლია. მატჩის მთავარი მშვენება პირველ ტაიმში გატანილი გოლი გახდა. კრისტალ პალასის ფეხბურთელმა, დანიელ მუნიოსმა, ულამაზესი დარტყმით აიღო უზბეკების კარი და თავისი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის მე-60 წუთზე უზბეკეთის ნაკრებმა მუნდიალებზე პირველი და ისტორიული გოლი გაიტანეს, რითაც თამაშში წონასწორობა აღადგინეს, თუმცა ზუსტად 5 წუთში ლუის დიასმა კოლუმბიის ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა. საბოლოოდ მატჩის ბოლო გოლი 98-ე წუთზე გავიდა, რითაც ტაბლოზე 1:3 დაფიქსირდა და კოლუმბიამ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
მეორე ტური ჯგუფში ბევრ რამეს გადაწყვეტს. პორტუგალია აუცილებლად ეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას 2026 წლის მუნდიალზე, ხოლო კოლუმბიას პლეი-ოფის საგზურის ნაადრევად განაღდების შანსი აქვს.
მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდება, ხოლო კოლუმბია კონგოს შეხვდება.