Belive

ჯეფ ბეზოსმა ლივერპულის წილის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

'Amazon'-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, საფეხბურთო კლუბ ლივერპულის 33%-იანი წილის შესყიდვასთან ძალიან ახლოსაა. ბრიტანული ტელეკომპანია 'Sky News'-ის ინფორმაციით, Fenway Sports Group (FSG), რომელიც ენფილდის ბინადარი კლუბის საკონტროლო პაკეტს 2010 წლიდან ფლობს, შეთანხმების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას მიმდინარე კვირაშივე გეგმავს.

ინვესტორთა ჯგუფში ბეზოსთან ერთად Facebook-ის თანადამფუძნებელი ედუარდო სავერინიც ფიგურირებს, ხოლო სათავეში უდგას ამით ბატია ქუინს პარკ რეინჯერსის ყოფილი მეწილე.

გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის თანამფლობელები პლანეტის უმდიდრესი ადამიანები გახდებიან. Forbes-ის მონაცემებით, ჯეფ ბეზოსის ქონება 280 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო ედუარდო სავერინის კაპიტალი 32 მილიარდ დოლარზე მეტია. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული ინვესტიციის ფარგლებში ლივერპული 6 მილიარდ დოლარად შეფასდა, რაც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება იქნება.

ეს მოვლენა ფეხბურთის სამყაროში არსებული იმ ხმაურიანი ვნებათაღელვის ფონზე ვითარდება, რაც ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გეგმებს მოჰყვა, რომლებიც ტურნირების (მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის) კომერციული უფლებების წილის გაყიდვას ითვალისწინებს. ინფანტინოს ჩანაფიქრმა დიდი გამოხმაურება და კითხვები გააჩინა როგორც თამაშის კომერციულ სტრუქტურაზე, ისე მსოფლიო ფეხბურთის მთავარ მმართველზე. ამის პარალელურად კი, სპორტულ გრანდებში უზარმაზარი ფინანსური ნაკადების დინება არ წყდება.

თუკი ბეზოსისთვის ფეხბურთში ინვესტირება სრულიად ახალი გამოცდილებაა, სავერინს მსგავსი მცდელობა 2022 წელსაც ჰქონდა, როდესაც ლონდონის ჩელსის შესასყიდად გამართულ აუქციონში მონაწილეობდა.

ლივერპულის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ტენდენციას, რომ თანამედროვე სპორტი მსოფლიოს უმდიდრესი ინვესტორებისთვის უკვე სრულიად დამოუკიდებელ და მიმზიდველ აქტივად იქცა.

სხვა სტატიები