Belive

იურგენ კლოპი: "ეს რომ მომხდარიყო, აქამდე ლივერპულში არ ვიმუშავებდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მისი გუნდი ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა (0:0) მიმდინარე სეზონში, მერსისაიდული კლუბის გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

"გუნდები ერთმანეთს შარშან ორ ფინალში შეხვდნენ და ეს საუკეთესო უგოლო მატჩები იყო, რაც მინახავს. დღეს ჩვენ ვნახეთ არა თავდაჯერებული, მაგრამ საბრძოლველად მზად მყოფი გუნდები.

ჩვენ კმაყოფილი ვართ ქულით, ბევრი კარგი რამ ვნახეთ. ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინეთ და წინ უნდა ვიაროთ.

თავიდან ბოლო ხაზთან გვქონდა პრობლემა, მაგრამ სამჯერ შევიტანეთ ცვლილებები. იყო სახიფათო უკან გაკეთებული პასები, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ რეაგირება და თანდათან თამაშის მიმდინარეობასთან ადაპტირება შევძელით.

ნახევარმცველები კარგად ურთიერთობდნენ. შეტევაში მომენტები შევქმენით. ეს არ იყო ყველაზე სანახაობრივი მატჩი, მაგრამ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ - წინსვლა, ზოგჯერ მცირე ნაბიჯებით.

არ მეგონა, რომ შემადგენლობაში ექვსი ცვლილების მქონე გუნდს სეზონის საუკეთესო თამაში ექნებოდა, მაგრამ ვინც მოედანზე გამოვიდა, შანსით ისარგებლა და აჩვენა, რომ მზად იყო.

ახლა ჩვენს მიზნებზე ვერ ვილაპარაკებთ, თუ ქულებს არ დავაგროვებთ. ჩვენ არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ. ბევრი ლაპარაკი შეგიძლია, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დაამტკიცო. ჩვენ დავინახეთ ნაბიჯები, რომელიც სწორი მიმართულებით იდგმება.

მადლობა ღმერთს, რომ ასეთი სეზონები ჯერ არ მქონია, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე ასეთი სეზონის შემდეგ, მე არ ვიქნებოდი "ლივერპულის" მწვრთნელი. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ეტაპი, ეს არის ცხოვრება. უნდა ვიბრძოლოთ სიტუაციის შესაცვლელად", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

"ლივერპული" ინგლისის პრემიერ ლიგაში 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 43 ქულით მერვე პოზიციას იკავებს, ხოლო შემდეგ შეხვედრას 9 აპრილს, მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნულ, გამოკვეთილ ლიდერ, ლონდონის "არსენალთან" საშინაო არენაზე გამართავს.

სხვა სტატიები