Belive

"ის რაც ვილამ და მატამ ვერ შეძლეს - მამარდაშვილმა და ლინომ ვალენსია გადაარჩინეს" - ესპანური მედია ქართველ მეკარეზე წერს 

10 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანური გამოცემა eldesmarque.com-ი "ვალენსიას" მიერ განვლილ 2022/23 წლების სეზონს აჯამებს და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში გუნდისა და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წვლილს ხაზს უსვამს. ქართველ მეკარესთან ერთად აღნიშნულია მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარის წესით მყოფი სამუელ ლინოს დამსახურება - ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში შეუცვლელი იყო და ყველა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მოახერხა.

"სამუელ ლინო, რომელიც "ესპანიოლთან" გამათანაბრებელი გოლის ავტორი გახდა და გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მადრიდის "რეალთან" მოგებული (1:0) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა, არიან ის ორი ფეხბურთელი, რომლებმაც ლა ლიგის ყველა, 38 მატჩში მონაწილეობა მიიღეს.

ბნელი სეზონის განმავლობაში მათი რეგულარულად დამაჯერებელი თამაში "ვალენსიას" გულშემატკივრებისთვის სინათლის ტოლფასი იყო. ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი სტატისტიკა. ისინი "ვალენსიასთვის" 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელები არიან 100%-იანი მაჩვენებლით. თუმცა, ორივეს მომავალი, როგორც ჩანს, შორს არის "ვალენსიასგან".

მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარით წამოყვანილი ფეხბურთელის, ლინოს შემთხვევაში, დრო "ვალენსიას" წინააღმდეგ თამაშობს. თუ კვირები გავა და ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ფეხბურთელი შეუერთდება სიმეონეს გუნდს წინასასეზონო შეკრების გასავლელად და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიდება. თავის მხრივ, გიორგი "ვალენსიას" ეკუთვნის, პრემიერ ლიგიდან რამდენიმე დაინტერესებული გუნდი ჰყავს და უახლოეს დღეებში საქართველოსთან ერთად სანაკრებო მატჩების გასამართად ემზადება.

მართალია, რომ მეკარეებისთვის ეს შედარებით ადვილია და ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან, დავიდ ვილა, დიეგო ალვეში, მატა და სხვები, უმეტესად 37-მატჩიან ნიშნულზე რჩებოდნენ, თუმცა მამარდაშვილმა და ლინომ "ვალენსიას" ლა ლიგაში დატოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს", - წერს eldesmarque.com-ი.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “დინამო თბილისიდან” იჯარის წესით შეუერთდა, ზამთარში კი ესპანურმა კლუბმა ქართველი მეკარის კონტრაქტი 800 000 ევროდ გამოისყიდა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და “ლესტერ სიტის” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ და მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის.

სხვა სტატიები