Belive

ირანის ნაკრების მწვრთნელი: ,,ჩვენი გუნდი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დაჩაგრულია''

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, გუნდს აშშ-ის დატოვება და მექსიკაში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნება ახალ ზელანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში უბრძანეს.

ამირ ღალენოის არ დაუკონკრეტებია, ვინ გასცა ირანელთა გეგმაზე ადრე დაბრუნების ბრძანება. გუნდი ვარაუდობდა, რომ სადებიუტო შეხვედრის შემდეგ ღამეს კალიფორნიაში გაათევდა, რათა ფეხბურთელებს ძალების აღსადგენად ნორმალური პირობები ჰქონოდათ, თუმცა მატჩის დასრულებისთანავე, მათ შეატყობინეს, რომ ტიხუანაში გასაფრენად თვითმფრინავში სასწრაფოდ უნდა ჩამსხდარიყვნენ.

„ძალების აღდგენისთვის დროც კი არ მოგვცეს. დღევანდელი თამაშის შემდეგ გვითხრეს, რომ აქაურობა სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალების აღსადგენად დრო გვქონოდა, თუმცა თვითმფრინავში ჩაჯდომა და ტიხუანას ბანაკში დაბრუნება მოგვთხოვეს, რაც დიდ პრობლემას გვიქმნის.'' - ამირ ღალენოი

ირანის ნაკრების კაპიტანმა, მეჰდი ტარემიმ, აღნიშნა, რომ გუნდს კვირას, ტიხუანადან ლოს-ანჯელესში მგზავრობისას, ხუთსაათიანი ფრენა და უსაფრთხოების მკაცრი შემოწმებების გავლა მოუწია.

ტარემიმ და ღალენოიმ ერთად გააპროტესტეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი პერსონალის ნაკლებობაც - მათ შორის ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სამწვრთნელო შტაბის დამხმარე წევრებისა და მედიაოფიცრების არყოფნა, რომელთაც აშშ-მა ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რატომ გვაბრუნებენ უკან. ჩემი აზრით, ეს ძალიან უცნაურია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, ჩვენ მაგივრად გეგმებს სხვები ადგენენ და გადაწყვეტილებებსაც სხვაგან იღებენ. მატჩამდე ორი ღამით ადრე უნდა ჩამოვსულიყავით, დღეს ღამით აქ უნდა დავრჩენილიყავით ძალების აღსადგენად და უკან ხვალ დავბრუნებულიყავით. წარმოდგენა არ გვაქვს, ეს რატომ ხდება.

ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტად დაჩაგრულია.

თამაშის წინაც ვთქვი, რომ მგზავრობის გამო აკლიმატიზაციისთვის დრო არ გვეყო. ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს კუნთი დაეჭიმა და ცვლილებებიც სწორედ ამიტომ მოგვიწია. ასე რომ, მოთამაშეები ტაქტიკური თვალსაზრისით კი არ შევცვალეთ, არამედ ტრავმებისა და სპაზმების გამო.'' - ამირ ღალენოი

ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ შეხვედრას კვირას, 21 ივნისს, კვლავ კალიფორნიაში, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები