ინძაგი: ,,ბარსელონას წინააღმდეგ სულისკვეთებითა და აგრესიით ვითამაშებთ''
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,ბარსელონასთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია:
,,გუნდურად თამაში უნდა ვისწავლოთ. ვხვდებით უმაღლესი დონის გუნდს, რომლის მთავარი მახასიათებელი ბურთის ფლობა და კონტრშეტევებზე თამაშია. ამ მატჩის მნიშვნელობა ყველასთვის ცხადია, ინტერს საკუთარი თავის სჯერა და თამაშს მოუთმენლად ელის.
ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვიასპარეზეთ, ახლა კი გარდამტეხი მომენტია, რომელმაც, შეიძლება, ფინალში გაგვიყვანოს. მოწინააღმდეგის ძალის შესახებ ვიცით, მაგრამ აქტიურად, სულისკვეთებითა და აგრესიით ვითამაშებთ.
ლამინე იამალი? გავაანალიზეთ რისი გაუმჯობესება შეგვიძლია. მას შესანიშნავი თვისებები აქვს და ერთად უნდა ვითამაშოთ, რათა მისი შეზღუდვა შევძლოთ.
სან სიროს ეფექტი? რა თქმა უნდა, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში კიდევ უფრო საინტერესოა. ისინი ყოველთვის გვეხმარებოდნენ და ხვალაც ასე იქნება.'' - სიმონე ინძაგი
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ინტერი'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.