Belive

იბრაჰიმა კონატემ რეალთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

7 საათის წინ ფეხბურთი
3 წთ

საფრანგეთის ნაკრების მცველი, რომელიც ამჟამად თავის ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, ლივერპულთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

27 წლის ფეხბურთელი მადრიდელთა უკვე მესამე შენაძენია: მიმდინარე ზაფხულში, ესპანურ გრანდს ბერნარდუ სილვა (რომელიც მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვიდა) და მარკ კუკურელია შეუერთდნენ - ეს უკანასკნელი რეალმა ჩელსიდან 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

სამეფო კლუბი ტრანსფერებზე მუშაობას კვლავ აქტიურად აგრძელებს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ინტერის განაპირა მცველი, დენზელ დუმფრისია.

რეალი ბოლო წლებში აქტიურად იყენებს თავისუფალი აგენტების ბაზარს - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, კილიან მბაპე, ანტონიო რუდიგერი და დავიდ ალაბა იმ მოთამაშეებს შორის არიან, რომლებიც ესპანურ გუნდს სოლიდური სატრანფერო თანხის გარეშე შეუერთდენ.

ალაბა ერთ-ერთია მათგან, ვინც მადრიდი მიმდინარე ზაფხულს დატოვა, კონატეს კი დაცვის ცენტრალურ ზონაში ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა რუდიგერთან, დინ ჰუისენთან, ედერ მილიტაოსა და რაულ ასენსიოსთან მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ალაბას ბოლო სეზონებში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ის გასახდელში უდიდესი გავლენის მქონე, გამოცდილ ფიგურად ითვლებოდა და ამრიგად, კლუბისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლებოდა.

რეალისთვის, ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა ედერ მილიტაოს მუდმივად ლაზარეთში ყოფნის საკითხიც: ნოემბერში მიღებული მიკროტრავმის შემდეგ, დეკემბერში მილიტაომ კუნთის მძიმე დაზიანება მიიღო და მარტამდე მოედანზე არ გამოჩენილა. მისი კარგად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა: აპრილის მიწურულს, კუნთის პრობლემამ კვლავ თავი იჩინა, რის გამოც მას უქმობა სექტემბრამდე უწევს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მადრიდელთა მხრიდან კონატეს ვარიანტის განხილვა სრულიად ლოგიკურია. გასულ სეზონში მისმა სათამაშო ფორმამ შესაძლოა გარკვეული კითხვები გააჩინოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, სატრანსფერო ბაზარზე უფასოდ ხელმისაწვდომი ასეთი კლასის მცველის აყვანა მაინც შესანიშნავი შესაძლებლობაა.

კონატე ლივერპულს 2021 წელს, ლაიფციგიდან შეუერთდა. მერსისაიდულმა კლუბმა მის სანაცვლოდ €40 მილიონი გადაიხადა და მას შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილე და ლივერპულის შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა - კლუბის მაისურით მან 183 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები