ჰოლანდმა სანაკრებო ფეხბურთის რეკორდი მოხსნა
ერლინგ ჰოლანდი ფეხბურთის ისტორიის გადაწერას უკვე საერთაშორისო დონეზეც აგრძელებს. მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, კოტ-დ'ივუარის წინააღმდეგ გამართულ უმძიმეს ბრძოლაში, ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა ნაკრების მაისურით რიგით მე-60 გოლი გაიტანა და გახდა ყველა დროის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ამ ნიშნულს მიაღწია.
ჰოლანდს ამისთვის სულ რაღაც 53 მატჩი დასჭირდა, რაც თანამედროვე ფეხბურთში უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებელია.
Erling Haaland becomes the FASTEST PLAYER to reach 6️⃣0️⃣ INTERNATIONAL GOALS
— DAZN Football (@DAZNFootball) June 30, 2026
He also becomes the first player in 72 YEARS to score in his first three starts at the FIFA World Cup ⚡️
Historieskaper 🇳🇴#FIFAWorldCup | #WorldCup | #Norway | #Haaland | @DAZN | @ErlingHaaland pic.twitter.com/tgFxDsTjJ5
ამასთანავე, სიტის ფორვარდმა კიდევ ერთი უნიკალური, 72-წლიანი რეკორდი დაამხო - ის გახდა პირველი მოთამაშე ბოლო 72 წლის განმავლობაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავის პირველ სამ სასტარტო შეხვედრაშივე შეძლო გოლის გატანა (ერაყთან, სენეგალთან და ახლა უკვე კოტ-დ'ივუართან).
ტურნირზე ჩატარებულ 3 მატჩში მის აქტივში უკვე 5 გოლია და ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლიონელ მესის მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება.
რეკორდების გარდა, ეს მატჩი ნორვეგიული ფეხბურთისთვის ნამდვილ ისტორიულ მოვლენად იქცა. არლინგტონში გამართული შეხვედრა ნორვეგიელთა სასარგებლოდ, 1:2 დასრულდა. ანგარიში 39-ე წუთზე ანტონიო ნუსამ ულამაზესი დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში კოტ-დ'ივუარელებმა ამად დიალოს ძალისხმევით წონასწორობა აღადგინეს და მატჩი დამატებითი დროისკენ მიჰყავდათ, თუმცა 86-ე წუთზე სიტყვა კვლავ ჰოლანდმა თქვა. პატრიკ ბერგის გადაცემის შემდეგ, მან გამარჯვების გოლი გაიტანა.
ეს არის ნორვეგიის ნაკრების პირველი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის სტადიაზე მათ ისტორიაში. სკანდინავიელები 1998 წლის შემდეგ პირველად თამაშობენ მუნდიალზე და მერვედფინალში არიან, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გველოდება. ნორვეგია ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება.