Belive

"გველესიანი შანსს იმსახურებდა" - ვილი სანიოლი

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

გიორგი გველესიანის შესახებ

"გიორგი გველესიანს 1 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ვთვლი, რომ შანსს იმსახურებს. უნდა ითქვას, რომ მანამდე გველესიანს ჩვენი სამწვრთნელო გუნდი კარგად არ იცნობდა. თვლიან, რომ გველესიანი გაცილებით ადრე უნდა გამოგვეძახებინა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორედ ახლაა იდეალური დრო იმისთვის, რომ ნაკრებს დაეხმაროს".

კვიპროსთან მატჩის შესახებ

"არ ვიცი რა გავლენა შეიძლება მოახდინოს იმან, რომ კვიპროსის ნაკრებს თემურ ქეცბაია წვრთნის, ან იმ გარემოებამ, რომ კვიპროსი გასულ 2 მატჩში დამარცხდა. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. გვინდა ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიის წინააღმდეგ მეორე ტაიმში".

კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ

"მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, თუმცა, სეზონის ბოლოა. ბოლო კვირებში ხვიჩასაც გაუჭირდა და ეს ნორმალურია. მიქაუტაძემ ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა. მხოლოდ გატანილ გოლებს არ ვგულისხმობ - მოედანზე იდეალურად გადაადგილდებოდა".

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ

"21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ქვეყნისთვის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ საქართველოს ასეთი დონის ტურნირის ჩატარება შეუძლია. არასასურველი კალენდარია, მაგრამ კომპრომისებზე ვმუშაობთ. საზონოვი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი, სიგუა და რამდენიმე მოთამაშე უკვე შეუერთდა ახალგაზრდულ ნაკრებს".

შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება. 20 ივნისს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ გლაზგოში ითამაშებს.

სხვა სტატიები