Belive

"გთხოვთ, არ დაგვივიწყოთ" | შევჩენკომ უკრაინის ომზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
შევჩენკოს თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ უკრაინა რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტია. უკრაინული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იმასაც ამბობს, რომ სპორტს მისი ქვეყნის ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანება შეუძლია. უკრაინა მილიონობით ადამიანმა დატოვა - ქვეყანაში ომი კვლავ მიმდინარეობს. ბუჩის ხოცვა-ჟლეტისა და სხვა მასობრივი სამხედრო დანაშაულების სერიის მომწყობი რუსები ამბობდნენ, რომ ომს 3-4 დღეში მოიგებდნენ, თუმცა ომის ასეთი გახანგრძლივება მათთვის უკვე მარცხს ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვათ უდიდეს მატერიალურ და არამატერიალურ დანაკარგზე - დაღმა მიმავალ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ წინ ელოდებათ. თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა და ის უკრაინის გამძლეობაზე, ასევე მისდამი თანადგომაზე დგას. 24 თებერვლის შემდეგ, ანდრეი შევჩენკო მის სახელს ადამიანების ცნობიერების ასამაღლებლად იყენებდა - მისი სურვილი იყო, მსოფლიოში მაქსიმალურად ბევრ ადამიანს სცოდნოდა სიმართლე.
"ომთან დაკავშირებით, დღემდე ერთსა და იმავე კითხვას ვსვამ და პასუხს ვერ ვპოულობ. თუმცა ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას მხოლოდ ერთი გზა აქვს: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი და ხელახლა ავაშენოთ ქვეყანა", - ამბობს შევჩენკო.
ანდრეი შევჩენკო და ჩოგბურთელი ელინა სვიტოლინა UNITED24-ის კეთილი ნების ელჩები არიან - ეს არის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის დასახმარებლად, ფონდების მოძიებით არის დაკავებული. ცნობილია, რომ ამ მომენტისთვის, ფონდს $170 მილიონამდე აქვს შეგროვებული, მიმდინარე პროექტები კი იმის მანიშნებელია, რომ თანხა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
"ყველასთვის ნათელი გზავნილი გვაქვს - ომის დაწყების დღიდან, უკრაინას დახმარება სჭირდება. ჩემი მიზანია, გავზარდო ცნობიერება, ვილაპარაკო ომის შესახებ და მოვიძიო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება. ეს არის ის, რაც უკრაინას მომავლის შენებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის სჭირდება", - ამბობს 2004 წლის ოქროს ბურთის მფლობელი.
[Downloader.la]-63039f7ec4963

1 თვის წინ, შევჩენკომ პოლონეთში უკრაინელი ბავშვები მოინახულა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება მოუწიათ - ბავშვები, რომელთა მომავალიც, ამ ეტაპზე, ბუნდოვანია. იქ ყოფნისას, "მილანისა" და "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკისა და იგა შვიონტეკის შესახებ ისაუბრა. უკრაინელის თქმით, პოლონელი სპორტსმენები უკრაინის დასახმარებლად ბევრ რამეს აკეთებენ. მაგალითისთვის, შვიონტეკმა, რომელიც ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მიხედვით მსოფლიოში 1-ელი ჩოგანია, საქველმოქმედო მატჩი მოაწყო და შემოსული თანხა მთლიანად ლტოლვილთა დასახმარებლად გადარიცხა.
"მათი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია - სპორტსმენები ახალგაზრდა თაობისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ. როდესაც ისინი ომის საწინააღმდეგო გზავნილს აკეთებენ, მათი სიტყვა მთელ მსოფლიოში ვრცელდება", - თქვა შევჩენკომ.
ომის დაწყებიდან პირველ დღეებში, მსოფლიო მედიის ყურადღება მხოლოდ უკრაინას ეთმობოდა, თუმცა დროთა განმავლობაში, ტენდენციამ ცვლილება განიცადა. შევჩენკო მიიჩნევს, რომ ეს ნორმალური პროცესია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა კვლავ იცოდნენ, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგანან უკრაინელები, რომლებიც დაბომბვის რისკის ქვეშ ყოველდღიურად იმყოფებიან.

"არ უნდა მიგვავიწყდეს, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში. რუსები დაბომბვას აგრძელებენ, ომი არ დასრულებულა. უკრაინელ ხალხს მსოფლიოს უდიდესი მხარდაჭერა სჭირდება. გთხოვთ, არ დაივიწყოთ ჩვენს შესახებ, ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება".



ივნისში, უკრაინის საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ეს იყო პირველი ოფიციალური მატჩი რუსული აგრესიის დაწყების დღიდან. შოტლანდიასთან ემოციურ გამარჯვებას უელსთან მარცხი მოჰყვა - უკრაინელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, თუმცა შევჩენკოს თქმით, ფეხბურთმა ომით დაზარალებულ ქვეყანას იმედი ჩაუსახა.
"სპორტს აქვს საოცარი ძალა: მას ადამიანების გაერთიანება შეუძლია. შოტლანდიელ გულშემატკივარს შორის, უკრაინელების მხარდაჭერა იგრძნობოდა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ხალხს უკრაინისთვის კარგი სურდა. ფეხბურთელებმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი გვაჩვენეს, თუმცა სპორტში მხოლოდ 1 გამარჯვებული არსებობს. სამწუხაროდ, ბოლო ეტაპის გადალახვა ვერ შევძელით" - იხსენებს შევჩენკო.
მიმდინარე თვის ბოლოს, უკრაინელები ეროვნული ჩემპიონატის აღდგენას გეგმავენ. სპორტის მინისტრის, ვადიმ გუცაიტის განცხადებით, შეხვედრები მაყურებლის გარეშე გაიმართება, სტადიონების უსაფრთხოება კი მაქსიმალურად იქნება დაცული.
"მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რომ უკრაინა კვლავ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე ომია, ჩვენ ცხოვრებას გავაგრძელებთ", - აღნიშნა შევჩენკომ.

სხვა სტატიები